ვიქტორ დოლიძე - რამდენი ტალახიც არ უნდა ისროლონ, ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია

ვიქტორ დოლიძე - რამდენი ტალახიც არ უნდა ისროლონ, ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია

რამდენი ტალახიც არ უნდა ისროლონ, ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ევროპულ და ევრატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.

კითხვაზე - მოქმედი პრემიერის კრიტიკის შემდეგაც რჩება თუ არა ის იმ აზრზე, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე პირების დაკავება წინა პრემიერის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ვიქტორ დოლიძის თქმით, მას სწორად არ მიჩანია ამ თემით სპეკულირება და ამ საკითხთან დაკავშირებით მან საუბარი დაასრულა.

"მე არ მიმაჩნია სწორად ამ თემით სპეკულირება საერთოდ. მე განცხადება გავაკეთე. ჩემი აზრი ცნობილია და მე ვამთავრებ ამასთან დაკავშირებით საუბარს და არც ახლა ვაპირებ გაგრძელებას. კიდევ ერთი მინდა ვთქვა, რომ არავისზე ნაკლებად მე ეს ამბავი, ბუნებრივია, არ მტკივა. მე არ გამიწყვეტია ამ ხალხთან ურთიერთობა და კომუნიკაცია და ამ თემით სპეკულირება, ვფიქრობ, არ არის სწორი, ამიტომ მე სხვებს ნამდვილად ვერ დავემსგავსები და მიუხედავად იმისა, რამდენი ტალახიც არ უნდა ისროლონ, ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ საქმის კეთება, რომელსაც მე ხელი მოვკიდე და დარწმუნებული ვარ, ამ საქმის წარმატებაში", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ მთავრობის ახალ შემადგენლობაში მისი წარდგენის შემდეგ ე.წ. კაბელების საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ "კაბელების საქმეზე" პირების დაპატიმრება იყო ყოფილი პრემიერის პერიოდში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კი ვიქტორ დოლიძის მიერ "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით გაკეთებული განცხადება "ძალიან შორს იყო სიმართლისგან".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."