რომელ სამინისტროებში შემცირდება თანამშრომლები - მინისტრების განმარტებები ოპტიმიზაციაზე

 რომელ სამინისტროებში შემცირდება თანამშრომლები - მინისტრების განმარტებები ოპტიმიზაციაზე

მმართველი გუნდის წევრები სამინისტროებში მოსალოდნელ ოპტიმიზაციას ადასტურებენ. დღეს მედიის წარმომადგენლებთან რამდენიმე მინისტრმა გააკეთა ამ თემაზე კომენტარი.

იხილეთ ვიდეო

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უწყებებში დაგეგმილი ოპტიმიზაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკრეტული უწყება და მისი ხელმძღვანელი თვითონ გადაწყვეტს, რა მიმართულებით იქნას ხარჯების დაზოგილი.

კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა მოხდეს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ადამიანების შემცირება, კალაძემ აღნიშნა, რომ "ადამიანების გაშვება სამსახურიდან ყველაზე ბოლო მიმართულებაა და სხვა მიმართულებით არის შესაძლებელი ხარჯების შემცირება".

"ჩვენ დავაანონსეთ ხარჯების შემცირება ყველა მიმართულებით და კონკრეტული უწყება და მისი ხელმძღვანელი თვითონ გადაწყვეტს, რა მიმართულებით იქნას ხარჯები დაზოგილი. მე ვფიქრობ, რომ ადამიანების გაშვება არის ყველაზე ბოლო მიმართულება. სხვა მიმართულებებით შესაძლებელია ხარჯების შემცირება და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება",- განაცხადა კალაძემ.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტრუქტურული ოპტიმიზაცია აუცილებლად განხორციელდება. მინისტრის განმარტებით, შემცირდება რამდენიმე ხელმძღვანელი რგოლის შტატი, ასევე იგეგმება მივლინებებისა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცა.

"მე ამას უფრო ოპტიმიზაციის პროცესს დავარქმევდი იმ თვალსაზრისით, რომ თითოეულ თანამშრომელს განესაზღვრება ფუნქცია, განესაზღვრება სამუშაო ადგილი. შეიძლება ეს იყოს ახალი სამუშაო ადგილი არა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში. ვცდილობთ ორიენტირებული ვიყოთ იმისკენ, რომ ადამიანები სამსახურის გარეშე არ დარჩნენ, მაგრამ აუცილებელი არ არის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში იყვნენ დასაქმებულები, შეიძლება დასაქმება სხვა მიმართულებით მოხდეს", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ გიორგაძემ.

რაც შეეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, როგორც მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, სტრუქტურულად ახლებურად გადალაგდება ცალკეული უწყებები: "იქ, სადაც ჩვენ გვქონდა ვაკანსიები, ამ ვაკანსიების ხარჯზე შევამცირებთ კადრების საერთო ჯამურ მოცულობას. ამის გარდა, სტრუქტურულად ახლებურად გადავალაგებთ ცალკეულ უწყებებს. ოპტიმიზაციამ არ უნდა იქონიოს გავლენა სერვისებზე. პირიქით, ჩვენ ყველანი ვლაპარაკობდით ადრე, მათ შორის ისინი, დღეს ვინც გვაკრიტიკებს, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ცოტა, ბიუროკრატიული აპარატი უნდა იყოს ცოტა ყველა დონის მმართველ ორგანოებში. შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკა ამ თვალსაზრისით არის თანმიმდევრული და სწორი. სამუშაო ადგილები ჩვენ უნდა გავზარდოთ კერძო სექტორში",- განაცხადა აგულაშვილმა.

კითხვაზე, დაახლოებით რამდენ ადამიანს შეეხება ოპტიმიზაცია, მინისტრი პასუხობს: "ოპტიმიზაცია შეეხება იმდენ ადამიანს, რამდენსაც ის სტრუქტურა მოითხოვს, რომელზეც ჩვენ ვყალიბდებით. რაოდენობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ფინანსების, ასევე, ადამიანური რესურსების 10%-ის შემცირების პოტენციალი გამოვნახეთ". ამასთან, აგულაშვილის თქმით, ეს არ იქნება ადამიანების დევნა და უწყების თანამშრომლებმა დეტალების შესახებ იციან და ისინი პროცესში ჩართულები იყვნენ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, "რომელ დეპარტამენტშიც გვაკლია ხალხი - იქ დავიმატებთ, ხოლო რომელ დეპარტამენტშიც მეტი ხალხი გვყავს - იქ მოვიკლებთ". კითხვაზე, იქნება თუ არა ხალხი, რომელიც უმუშავარი დარჩება, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ "ვინც არ მუშაობს კარგად, ყოველთვის დარჩება უმუშევარი".

"საერთოდ ჩვენს სისტემაში ბევრი თანამშრომელია. ჩვენი მცდელობა, ფუნქციების ოპტიმიზაცია იქნება. შევეცდებით, გავაძლიეროთ ის მიმართულება, რომელიც უშუალოდ განათლების სისტემის განვითარებას ეხება და რაც არის "ბექ ოფისის" მხარდამჭერი ფუნციები, იქ "მოვუჭიროთ". დაახლოებით ერთ კვირაში გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები", - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."