საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შემდგომ პროცედურებს განმარტავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შემდგომ პროცედურებს განმარტავს

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად ამოქმედდება, - ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, დღეს, 13 დეკემბერს გაიმართა სამმხრივი შეხვედრა (ტრიალოგი) ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას შორის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 539/2001 რეგულაციაში შესაბამისი ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

"მივესალმებით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის შეთანხმება ტრიალოგის პირველივე შეხვედრის ფარგლებში შედგა. შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციის ცვლილების შეთანხმებულ რედაქციას დაამტკიცებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი (ჩOღEPEღ) და კენჭს უყრის ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტი (LIBE). ამის შემდეგ, გაიმართება კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის შესაბამისი წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში)", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."