"შემდეგი გაჩერება ევროპარლამენტია" - კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოსაღებად

"შემდეგი გაჩერება ევროპარლამენტია" - კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოსაღებად

ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან 13 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში.

"მას შემდეგ, რაც შეთანხმება მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს სახელით, რეგულაცია გადაეცემა ევროპარლამენტს კენჭისყრისთვის პირველი მოსმენით და შემდგომ ევროკავშირის საბჭოს მის მისაღებად", - განმარტებულია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 13 დეკემებერს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება.

"ევროკავშირის საბჭოში მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა მწვანე შუქი აუნთო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე! მადლობა სლოვაკეთს, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩაკს. შემდეგი გაჩერება ევროპარლამენტია", - წერს სოციალური ქსელ "ტვიტერის" პირად გვერდზე საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

რეგულაციის ცვლილების დამტკიცებას ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს გაიმართა ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების (COREPER) შეხვედრა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 539/2001 რეგულაციაში შესაბამისი ცვლილების საბოლოო ტექსტის დამტკიცება, რომელიც 13 დეკემბერს შეთანხმდა ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის და ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

"მივესალმებით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი დარჩენილი პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად.

შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტს კენჭს უყრის ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტი (LIBE).

ამის შემდეგ, გაიმართება კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც, განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში)", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი (LIBE) ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის 13 დეკემბერს მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭს 12 იანვარს უყრის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის (LIBE) "ტვიტერის" გვერდზე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."