ნიკა მელია - მიდიან და ამავდროულად მაქსიმალურად ცდილობენ ზიანი მიაყენონ პარტიას

ნიკა მელია - მიდიან და ამავდროულად მაქსიმალურად ცდილობენ ზიანი მიაყენონ პარტიას

მიდიან და ამავდროულად მაქსიმალურად ცდილობენ ზიანი მიაყენონ პარტიას, გიგი უგულავას დღევანდელი განცხადებაც ამაზე მეტყველებს, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მელიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არ დაშლილა, რის გადასამოწმებლადაც თბილისის ყოფილ მერს, 20 იანვრის ყრილობაზე ეპატიჟება.

"მე მახსოვს რამდენიმე თვის წინ ივანიშვილი საუბრობდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რადარებიდან არის გამქრალი, დღეს კი გამოჩნდა უგულავა, რომელიც საუბრობს რომ პარტია დანგრეულია. მობრძანდეს ბატონი უგულავა 20 იანვარს, პარტიის ყრილობაზე და თავადვე დარწმუნდება თუ რა ფორმაშია "ნაციონური მოძრაობა". ბოკერიას გუნდს, რომელსაც დღეს პარტიის სადავეები აქვს ხელში, ერთი თვეა მიღებული აქვს პარტიის დატოვების გადაწყვეტილება. ეს სურვილი მათ ადრე არ ჰქონდათ, მათი ნების საწინააღმდეგო სურვილი გაუჩნდათ მაშინ, როდესაც 30 ნოემბერს პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა წააგეს. ბოკერია როდესაც დარწმუნდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არ მოიძებნება იმდენი მხარდამჭერი დელეგატი, რომელიც მის წინადადებებს დაუჭერს მხარს და დარწმუნდა, რომ მომდევო 4 წლის განმავლობაში ის ვერ იქნებოდა პარტიის მართვის სადავეებთან, გადაწყვიტა პარტიის დატოვება. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ როდესაც ეს გუნდი პარტიას ტოვებს, მავნებლობას მოჰკიდეს ხელი, ხან საპარლამენტო სიიდან ამოიღეს პარტიის წევრები, ხან ცენტრალური ოფისიდან გაათავისუფლეს ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ მათი მხარდამჭერები და გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის მოხსნა უნდოდათ თანამდებობიდან. მიდიან და ამავდროულად მაქსიმალურად ცდილობენ ზიანი მიაყენონ პარტიას. გიგი უგულავას დღევანდელი განცხადებაც ამაზე მეტყველებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

გიგი უგულავამ დღეს განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გაყოფილი კი არა, დანგრეულია. "ეს პარტია აღარ არის ერთიანი. ეს პარტია გაყოფის წინაშეა. როდესაც ადამიანები ერთმენთს გამარჯობას არ ეუბნებიან, ნიშნავს რომ ფუნდამენტური პრობლემებია. პარტიის ერთიანობის შენარჩუნების რესურსი, პრაქტიკულად, აღარ არის. არ ვადასტურებ არანაირ გაყოფას, რადგან პარტია გაყოფილი კი არა, დანგრეულია.

სამწუხაროდ, ყველას ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს ამ პროცესში. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ახალი პარტია უნდა შეიქმნას და ის, რომ ჩვენმა თანამოზარეებმა ახალი პარტია გავაკეთოთ რთული წარმოსადგენია და არ არის ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც შეუძლებელია წინსვლა და პროგრესი, მაშინ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, სად დარჩები - აირჩევ პროგრესს, თავისუფლებას, თუ გადაეშვები "ნაციონალურ", პოპულისტურ დემაგოგიაში, რომელიც საზოგადოებას არაფერს მოუტანს", - განაცხადა უგულავამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."