"ღალატი" თუ ოპტიმალური გადაწყვეტილება - როგორ აფასებენ "გაზპრომთან" ხელშეკრულებას საქართველოში

"ღალატი" თუ ოპტიმალური გადაწყვეტილება - როგორ აფასებენ "გაზპრომთან" ხელშეკრულებას საქართველოში

ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით "გაზპრომ ექსპორტის" მოთხოვნას დათანხმდა.

"გაზპრომ ექსპორტის" საბოლოო წინადადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ხელშეკრულების ახალი პირობების შესაბამისად გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს.

კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ "გაზპრომისგან" ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება. სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე "გაზპრომისგან" გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს.

ექსპერტები საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას "კაპიტულაციას" უწოდებენ, ოპოზიცია "მოღალატურს", სამთავრობო გუნდი კი კალაძეს გადაწყვეტილებას უწონებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ენერგეტიკოს რევაზ არველაძის თქმით, კახა კალაძეს ენდობა და დარწმუნებულია, რომ "ეს არის ბევრად უკეთესი შემოთავაზება, ვიდრე იყო შარშანდელი":

"შარშან "გაზპრომის" მხრიდან არასწორი შემოთავაზებები იყო. შარშან ისეთი შემოთავაზებები იყო, რომ საქართველო დაახლოებით, 3-ჯერ უფრო ნაკლებ ეკონომიკურ ეფექტს მიიღებდა, ვიდრე ნატურით რომ იღებს ბუნებრივ აირს. ახლა რა შეთავაზება იყო, მე არ ვიცი. ერთადერთი ვიცი ის, რომ როგორც ბატონმა კახა კალაძემ განაცხადა, ეს არის უკეთესი შეთავაზება და უნდა განგვეხილა. დღეს ეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. მიმაჩნია, რომ კახა კალაძე არის ძალიან კარგი პოლიტიკოსი, დიპლომატი, ძალიან კარგად გაერკვა ენერგეტიკის საკითხებში და არ მგონია, რომ რაიმე შეცდომა დაეშვა", - განაცხადა რევაზ არველაძემ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას აზრით, საქართველომ "გაზპრომთან" დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად დაიცვა და ის მიღწეული შეთანხმების დრამატიზირების საფუძველს ვერ ხედავს.

"პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ იმ ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ, რომელიც დასრულდა. რუსეთი ყოველთვის მოითხოვდა სხვა პირობების დაყენებას, თუმცა ის არსებულ ხელშეკრულებას ვერ დაარღვევდა. მოთხოვნა კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი არ აპირებდა ხელშეკრულების ძველი პირობებით გაგრძელებას. ჩვენს წინაშე არჩევანი ძალიან შეზღუდული იყო. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ საფასურს ბუნებრივი აირის გარეშე მივიღებთ, ეს საფასური იქნება ყველაზე ოპტიმალური, რაც ევროპულ პრაქტიკაში არსებობს. თუკი დამატებითი რესურსის საჭიროება დადგება, ჩვენ გვექნება ბუნებრივი აირის უკეთეს ფასად მიღების საშუალება. ამასთან, რუსეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არანაირად არ იზრდება. ასე, რომ ვერანაირ ძირეულ ცვლილებას იმ პრიორიტეტებში, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგა, მე ვერ ვხედავ", - განუცხადა ჟურნალისტებს რომან კაკულიამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის რომან გოცირიძე კი "გაზპრომის" საკითხზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოღალატურს უწოდებს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ყველა არგუმენტი, რაც შარშან ჰქონდა მთავრობას "გაზპრომთან" დათმობაზე წასვლის გასამართლებლად, ამოწურულია.

"მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის მოღალატური. აჩვენებს, რომ ხელისუფლება ექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ. ყველა არგუმენტი, რაც შარშან ჰქონდა მთავრობას "გაზპრომთან" დათმობაზე წასვლის გასამართლებლად, ამოწურულია. შაჰდენიზის საერთაშორისო კონსორციუმმა 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი გამოგვიყო დამატებით და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენშიც გატარების უფლება მოგვცა. მიუხედავად ამისა, მთავრობამ კაპიტულაცია მოახდინა. აქ იკვეთება პირადი ინტერესებიც და ამას ადრე თუ გვიან ფარდა აეხდება. რუსეთის შემდგომი სამიზნე თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა იქნება, რომელიც "ყაზტრანსგაზის" საკუთრებაშია. ამის შემდეგ კი რკინიგზა. ესაა მცოცავი ეკონომიკური ანექსია", - განაცხადა რომან გოცირიძემ

ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა მთავრობის გადაწყვეტილების შეფასებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ აინტერესებს, "რა მოხდა ერთ წელიწადში ამისთანა, რომ უცბად დავნებდით იმას, რასაც არ დავნებდით 2016 წელს, აი, ეს აგვიხსნას ბატონმა კალაძემ".

ექსპერტი მთავრობის გადაწყვეტილებას "კაპიტულაციას" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ენერგეტიკის მინისტრს "სამწუხაროდ, ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს და რატომღაც დღეს აღარ ახსენებს იმ არგუმენტებს, რომელიც 2016 წელს მან ბოლოსდაბოლოს შეისმინა და დაიყოლია "გაზპრომი" იმ პირობებზე, რომელიც მისაღები და წლების განმავლობაში უცვლელი იყო".

"ახლა მისი კმაყოფილებით აღსავსე გამომეტყელება რატომღაც სხვა აზრებსაც წარმოშობს. სრულიად უდროოდ, უადგილოდ და უსინდისოდ გაჟღერდა ჯერ მზაობა იმისა, რომ ჩვენი გაზსადენის 25% თურმე უნდა გავასხვისოთ, ახლა ამაზე დუმილის რეჟიმშია ჩვენი მთავრობა, მაგრამ 2017 წელი მალე გაივლის. რა თანხებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი და რა ასეთი სიტყვის აღმასრულებელი სუბიექტია "გაზპრომი"?. ჩვენი მოკლე მეხსიერება რომ დავძაბოთ, გავიხსენებთ, რა დღეში ჩაგვაგდო ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ და არა მხოლოდ გაზის მიმწოდებელმა სუბიექტმა - საქართველო სიცივეში დატოვა სწორედ პოლიტიკური მიზეზებით", - განაცხადა ცისკარიშვილმა.