გიორგი კახიანი - ფრაქციის სახელწოდებისა და თავმჯდომარის შეცვლის მიუხედავად, ფრაქცია ფორმალურად მაინც პარტია “ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის

გიორგი კახიანი - ფრაქციის სახელწოდებისა და თავმჯდომარის შეცვლის მიუხედავად, ფრაქცია ფორმალურად მაინც პარტია “ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის

უფრო სწორი და ლოგიკური იქნებოდა, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ დაეტოვებინა და ახალი ფრაქცია შეექმნა მათ, ვინც პარტია “ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლის თაობაზე განაცხადეს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განუცხადა.

როგორც კახიანი განმარტავს, ფრაქციის სახელწოდებისა და თავმჯდომარის შეცვლის მიუხედავად, რისი უფლებაც ფრაქციის წევრებს ჰქონდათ, ფრაქცია ფორმალურად მაინც “ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. კახიანის შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობაში დღეს მიღებული გადაწყვეტილებები პოლიტიკური ჯიბრით მიღებულ გადაწყვეტილებებს ჰგავს.

“პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჯერჯერობით ოფიციალურად არანაირი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ ფრაქციებში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმირებული ვარ მხოლოდ მედია საშუალებებით და იმ განცხადებებით, რომელსაც ამ ფრაქციების წევრები აკეთებენ. თუკი კომენტარს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავაკეთებ, რაც გაჟღერდა, გეტყვით, რომ ფრაქციას აქვს უფლება, შეიცვალოს სახელწოდება. ის, რომ ფრაქციამ თავმჯდომარე შეცვალა, ბუნებრივია, რომ მას ამის უფლებაც აქვს. აღნიშნული საკითხები ფრაქციის წესდებით რეგულირდება, მთავარია წესდებაში ისეთი რეგულაცია არ იყოს, რომელიც პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებთან იქნება წინააღმდეგობაში, ხოლო თუ როგორ აირჩევენ თავმჯდომარეს, როგორ გადააყენებენ შემდგომ მას თანამდებობიდან და როგორ აირჩევენ ახალს, ეს ყველაფერი ფრაქციის გადასაწყვეტია - მათ ამის უფლება ჰქონდათ. რაც შეეხება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრის (ირაკლი აბესაძე და თენგიზ გუნავა) უმცირესობაში შემავალ მეორე ფრაქციაში გადასვლის საკითხს, რომელსაც აქამდე “ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ ერქვა, ეს გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუკი “ნაციონალური მოძრაობის“ ამ ორმა წევრმა პარტია ოფიციალურად უკვე დატოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიული ნიშნით პარლამენტში უკვე შექმნილი აქვს ფრაქცია, მათ სხვა ფრაქციაში გადასვლის უფლება არ ჰქონდათ. ამასთან, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ იმ ნიშნით შეიქმნა, როგორც “ნაციონალურ მოძრაობასთან“ საარჩევნო ბლოკში მყოფი პარტიის “ევროპული საქართველოს“ ფრაქცია. კერძოდ, დეპუტატი გიორგი ტუღუში, რომელიც აღნიშნული ფრაქციის წევრია, იმადროულად არის პარტია “ევროპული საქართველოს“ წევრი და საორგანიზაციო მდივანი. შესაბამისად, აღნიშნულ ფრაქციაში შესვლის უფლება აქვთ ან პარლამენტის უპარტიო წევრებს ან პარტია “ევროპული საქართველოს“ წევრებს. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამ ფრაქციაში ვერ შევა - მათ ამ ფრაქციაში შესვლის უფლება მხოლოდ პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურად დატოვების შემდეგ აქვთ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გიორგი კახიანმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, “გადაწყვეტილებები, რომელსაც პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ ორი ყოფილი ჯგუფის წარმომადგენლები იღებენ, ძალიან ჰგავს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიღებულია ერთმანეთთან პოლიტიკური ჯიბრისა თუ ჭიდილის საფუძველზე“.

“უფრო ლოგიკური და სწორი იქნებოდა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებმაც აღნიშნული პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, თუკი ისინი მომავალში ახალი პარტიის შექმნასა და ახალ პარტიაში გაწევრიანებას ფიქრობენ, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ თავად დაეტოვებინათ და ახალი საპარლამენტო ფრაქცია შეექმნათ. ჩემი გადმოსახედიდან ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა. ამ ეტაპზე არ ვარ ინფორმირებული ამ მომენტისთვის ისინი არიან თუ არა პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ოფიციალურად დატოვეს თუ არა მათ აღნიშნული პარტია. თუკი მათ ჯერ პარტია არ დაუტოვებიათ და ოფიციალურად კვლავ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, მათ აქვთ “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში ყოფნის უფლება და ასევე ამ ფრაქციისათვის სახელწოდების შეცვლის უფლება. რეგლამენტი არ განსაზღვრავს იმას, რომ ფრაქციას მაინც და მაინც ის სახელი უნდა ერქვას, რაც პარტიას ჰქვია. ამასთან, ის 300 ათასი ლარი, რაც არის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ შექმნისთვის არსებული დაფინანსება, კვლავ პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება იქნება. ამ ფრაქციის წევრები ვერ გახდებიან სხვა პარტიის წევრები - ისინი იქნებიან ან ისევ პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ან პარლამენტის უპარტიო წევრები, რადგან პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ იმ ნიშნით შეიქმნა, რომ მისი წევრები არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მათ ფრაქცია სწორედ ამ პარტიული ნიშნით შექმნეს“, - განუცხადა კახიანმა “ინტერპრესნიუსს“.

საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობას” სახელწოდება შეეცვალა და მას ”ევროპული საქართველო” ეწოდა. ამასთან, ფრაქციის წევრებმა ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. ნიკა მელიას ნაცვლად, ფრაქციას სერგო რატიანი უხელმძღვანელებს.

სახელწოდება უმცირესობაში შემავალ კიდევ ერთ ფრაქციას შეეცვალა - ფრაქციას “ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“, რომელსაც დეპუტატი ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს, “ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ ეწოდა.

გარდა ამისა, როგორც ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ხოშტარიამ განუცხადა, ფრაქციის შემადგენლობას ირაკლი აბესაძე და თენგიზ გუნავა დაემატნენ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."