ზეწოლა მოსამართლეებზე თუ "სააკაშვილის სტრატეგიული გეგმის ნაწილი"?

ზეწოლა მოსამართლეებზე თუ "სააკაშვილის სტრატეგიული გეგმის ნაწილი"?

პირველ თებერვალს, საინფორმაციო-ანალიტიკურმა გამოცემა Українська революція-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მოიპოვეს მიმოწერა, რომელიც საიტის ინფორმაციით, ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის გენპროკურორის ყოფილ მოადგილე დავით საყვარელიძეს შორის შედგა. ვებსაიტმა სააკაშვილი-საყვარელიძის სტენოგრაფიული ჩანაწერი ორ ენაზე - რუსულად და ქართულად გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული მასალის დასაწყისი ეხება ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმეს, რომელშიც სააკაშვილი ინტერესდება, როგორ მიმდინარეობს ცერცვაძის გათავისუფლებაზე მუშაობა და რა წინსვლა აქვს ამ საკითხში საყვარელიძეს. ამის შემდეგ, საყვარელიძე საუბარში ორ გვარს ახსენებს, რომელთაც "თბილისში ამანათები გაეგზავნათ". მოხსენიებული პიროვნებები, სავარაუდოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები - ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე არიან, რომლებიც "რუსთავი 2"-ის საქმეს განიხილავენ.

დღეს, ანუ ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ორ დღეში, ცნობილი გახდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. ამის შესახებ პროკურატურაში განაცხადეს და მათივე ინფორმაციით, გამოძიება ფაქტზე 14 იანვარს დაიწყო და უკვე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც კვლავაც გრძელდება.

უწყებაში ასევე განმარტეს, რომ გამოძიების ფარგლებში შესწავლილი და გამოკვლეული იქნება ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე ორი დღის წინ გამოქვეყნებული სტენოგრაფიული ჩანაწერი, რომელიც პორტალის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილსა და დავით საყვარელიძეს შორის საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, საყვარელიძე სწორედ აღნიშნულ მოსამართლეებს ახსენებს.

მოსამართლეების საქმეს დღის განმავლობაში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. საკითხზე კომენტარს აკეთებენ უმრავლესობისა და უმცირესობის, სასამართლო ხელისუფლებისა და "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებიც.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებზე, რომლებიც "რუსთავი 2-ის" საქმეს განიხილავენ, ზეწოლას სუს-ი ახორციელებდა და ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის გადაყენებას ითხოვს.

"გვაქვს კატეგორიული მოთხოვნა, რომ ბატონი გომელაური გადადგეს, რადგან ის არის მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი ივანიშვილის მხრიდან. მას არანაირი უფლება არ აქვს იყოს იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეებზე", - განაცხადა მელიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საპასუხო განცხადებაში "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას "არასერიოზული" უწოდა. "ასეთი განცხადებები არასერიოზული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ მის შედეგებს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

საქმეზე კომენტარი გააკეთა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რომლის განცხადებით, ტელეკომპანიის საქმის მოსამართლეებს სთხოვდნენ, პროკურატურაში შეტანილი განცხადება ან უკან გაეტანათ, ან ის სუბიექტები შეეცვალათ, რომლებსაც ზეწოლაში ადანაშაულებენ. როგორც გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსამართლეების წინააღმდეგ დანაშაულებრივ საქმიანობაში პრეზიდენტის გარდა, ყველა სახელისუფლებო შტოა ჩართული.

"საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენ გვაქვს საქმე შემთხვევასთან, როდესაც უმაღლესი ინსტანციის - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ამხელენ სისტემას შიგნიდან, ამხელენ ხელისუფლებას შიგნიდან და აცხადებენ მათზე მიმდინარე უხეში ზეწოლის შესახებ.

...პირველ რიგში, გვაქვს შეკითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან - რატომ არ მოიქცა ის ისე, როგორც მოიქცა მისი წინამორბედი, რატომ არ მოხდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაჯაროვება? - ეს კითხვა რიტორიკულია, რამდენადაც ჩვენ ვიცით პასუხი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ არის მოსამართლეების მოკავშირე. ის არის სახელმწიფოს მოკავშირე მათ წინააღმდეგ. მან პროკურატურაში გადააგზავნა ეს საქმე და მეორე დღიდან ამ მოსამართლეებზე დაიწყო უმძიმესი ზეწოლა, რომ ან გაეტანათ განცხადება, ან შეეცვალათ განცხადებაში მოყვანილი სუბიექტები - დაესახელებინათ არა ხელისუფლება, არამედ ჩვენი მხარე ან ის ადამიანები, რომლებიც ვითომდა აფილირდებიან ჩვენს მხარესთან, მაგალითად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თანამოაზრეები", - განაცხადა გვარამიამ.

მოგვიანებით გავრცელდა საქართველოს პროკურატურის ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ხსენებულმა მოსამართლეებმა უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები" მიიღეს:

"გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების - ბ.ალავიძის და პ.ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე - უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

ხსენებული მოსამართლეებისთვის გაგზავნილ წერილობით შეტყობინებებში, რომლებიც მოსამართლეებმა წარმოადგინეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, იკვეთებოდა მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის ნიშნები. შესაბამისად, ინფორმაციის მიღებისთანავე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება განცხადებაში მოყვანილი გარემოებების შესწავლის მიზნით. გამოძიების სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით ამ ეტაპზე პროკურატურა ვერ ისაუბრებს" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იმას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს - ბესარიონ ალავიძეს და პაატა ქათამაძეს შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან მიუვიდათ, ადასტურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე. იგი დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა და მისგან მოისმინა ინფორმაცია მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის ფაქტთან დაკავშირებულ გამოძიებაზე.

"თავად მოსამართლეებს არ ჰქონდათ ჩვენთან ამასთან დაკავშირებით კონტაქტი. დღეს გახდა გარკვეული დეტალები ჩემთვის ცნობილი. სრულად არ ვიცი, რა ხდება და როგორ. შევიტყვე, რომ ორ მოსამართლეს - ბესო ალავიძეს და პაატა ქათამაძეს მიუვიდათ წერილები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის სახელით და შემდეგ მიუვიდათ სატელეფონო შეტყობინებები. მათ აღნიშნული წერილები გადასცეს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობას, რომელმაც ეს წერილები პროკურატურას გადაუგზავნა", - განაცხადა მურუსიძემ. რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის ვინაობას, იუსტიციის საბჭოს მდივანს აღნიშნული პირის ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობაში "ნაციონალური მოძრაობის" კვალს ხედავს. როგორც უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ამ პროცეში არის რამდენიმე სერიოზული შეკითხვა, რომელსაც პასუხი უმოკლეს ვადაში უნდა გაეცეს.

"ჩვენ ძალიან სერიოზული შეკითხვები გვიჩნდება უკვე "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით და ვფიქრობთ, უმოკლეს დროში უნდა გაეცეს მათ პასუხები. პირველი: ხომ არ ხდება და ხომ არ აქვს ადგილი რეალურად სასამართლო ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ჩარევის ფაქტსა და მცდელობას? მეორე: აუცილებლად უნდა დადგინდეს, რა კავშირი აქვთ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს და მათ შორის ნიკა მელიას საერთოდ ამ საქმესთან, რა კომუნიკაციაში იმყოფება ის ან მოსამართლეებთან ან სხვა მხარეებთან, რომლებზეც კომენტარებს აკეთებს? საიდან იცის, რა თემებზე შედგა შესაძლო საუბარი მოსამართლეებთან, რომელშიც თვითონ არ ყოფილა ჩართული? - ამითაც, ჩემი აზრით, უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, ასევე საინტერესოა, აქვს თუ არა ამ საქმესთან კავშირი იმ სტენოგრაფიულ ჩანაწერს, რომელიც ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე ორი დღის წინ გამოქვეყნდა და რომელიც პორტალის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილსა და დავით საყვარელიძეს შორის საუბარს ასახავს.

"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რომ ეს საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაჭრას მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს სამართლებრივი მექანიზმები და ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. ასევე კითხვა გვიჩნდება, თუ ამ ორმა მოსამართლემ იცოდა რაიმე შესაძლო ზეწოლის შესახებ იანვრის შუა რიცხვებში, ვინ სთხოვა მათ ორი კვირით მოეცადათ და მერე ჩაეტარებინათ ეს ბრიფინგი?", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერი გია ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას მიხეილ სააკაშვილის სტრატეგიული გეგმის ნაწილად მიიჩნევს: "ჩვენმა საზოგადოებამ თუნდაც, საგამოძიებო სტრუქტურების მეშვეობით თავი უნდა დაიცვას ასეთი შემოტევებისგან, მით უმეტეს, ჩვენ სააკაშვილის გეგმების თაობაზე ვიცით, რომ არ იყოს არანაირი პოლემიკა, ბჭობა, ჯანსაღი ოპონირება და იყოს მხოლოდ საბოტაჟის რეჟიმი, მათ შორის მოსამართლეებზე ზეწოლა შეიძლება განვიხილოთ ამ სტრატეგიული გეგმის, როგორც ერთი ნაწილი. მოსამართლეს საერთოდ, იმუნიტეტი საკმაოდ მაღალი აქვს, მისი დაცულობა მაღალია და მასზე შეხება არის საკმაოდ სერიოზულად დასჯადი დანაშაული", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."