არჩილ თალაკვაძე - გვარამია გვესაუბრება ისე, როგორც საუკუნეების წინ აივანზე გადმომდგარი გაბოროტებული თავადი გლეხებს - ეს უნდა დასრულდეს

არჩილ თალაკვაძე - გვარამია გვესაუბრება ისე, როგორც საუკუნეების წინ აივანზე გადმომდგარი გაბოროტებული თავადი გლეხებს - ეს უნდა დასრულდეს

ნიკა გვარამია გვესაუბრება ისე, როგორც აივანზე გადმომდგარი გაბოროტებული თავადი გლეხებს საუკუნეების წინ - ეს უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უკრაინულ პორტალზე გავრცელებულ ჩანაწერზე კომენტირებისას განუცხადა, რომელიც თითქოსდა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარს ასახავს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ის ფაქტები და გარემოებები, რაც საზოგადოებისთვის ბოლო პერიოდში ხდება ცნობილი, კიდევ ერთხელ ამყარებს შეკითხვებს და ვარაუდს, რომ სახეზე არის "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის და მასზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.

"ფაქტია, ისინი ცდილობენ არ აცალონ სასამართლოს საქმის განხილვა სამართლებრივ ფორმატში და ცდილობენ, ეს საქმე გადაჭრან პოლიტიკურ ჭრილში, რაც ჩემი აზრით, დაუშვებელია. ტელევიზიების მრავალჯერადი წართმევა, გადაფორმება, სასამართლოების ტოტალური კონრტროლი, ძალაუფლებაზე მონოპოლია, ადამიანის უფლებების დარღვევები - ეს არის სწორედ დღეს ოპოზიციაში მყოფი ყოფილი ხელისუფლების სტილი. "ქართულ ოცნებას" და მმართველ გუნდს მსგავსი რამ არასოდეს გაგვიკეთებია და ამის გადმობრალება ჩვენზე მხოლოდ თვალთმაქცობაა მათი მხრიდან", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, უმოკლეს დროში უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა ადგილი ნიკა გვარამიას და ამ საუბრებში მოხსენიებული პირების მხრიდან სასამართლო ხელისუფლებლებაში უკანონოდ ჩარევას.

"რუსთავი 2"-ის თითოეულ ჟურნალისტს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვფიქრობ, თუ ვინმე მათ დამოუკიდებელ და პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლის, ეს არის სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წარმომადგენელი და ნიკა გვარამია, როგორც დირექტორი, რომელიც ამ ბოლო დროს უკვე რეგულარული ბრიფინგებით საზოგადოებას და ჩვენ გვესაუბრება ისე, როგორც აივანზე გადმომდგარი გაბოროტებული თავადი, გლეხებს საუკუნეების წინ. ეს უნდა დასრულდეს. რაც შეეხება ჩანაწერებს, უკვე ჩვენ გვაქვს სერიოზული შეკითხვები და მას პასუხები უნდა გაეცეს უმოკლეს დროში, ხომ არ აქვს ადგილი ნიკა გვარამიას და ამ საუბრებში მოხსენიებული პირების მხრიდან სასამართლო ხელისუფლებლებაში უკანონოდ ჩარევის ფაქტებს. ეს უნდა დადგინდეს უმოკლეს დროში, რადგან ეს საუბრები, თავისთავად, შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, არიან მასში თუ არ არიან ეს ადამიანები სინამდვილეში", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა Українська революція მორიგ ჩანაწერს აქვეყნებს. ამჯერად, პორტალის მტკიცებით, აუდიოჩანაწერი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარს ასახავს.

საუბარი, სავარაუდოდ, "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს შეეხება. ისმის ორი მოსამართლის გვარი - ალავიძე და ახვლედიანი, საიდანაც, როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძე "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეა. ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები 3 მილიონის გაცემაზე საუბრობენ, რასთან დაკავშირებითაც, სავარაუდოდ ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ "3 მილიონი სალაპარაკოც არ უნდა იყოს", ამასთან, ამბობს, რომ "ახვლედიანმა ალავიძეზე ბევრად უფრო მეტი ფასის საქმე შეასრულა".

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ადეიშვილი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ "იქ უნდა ჩავიდეს", რაზეც სავარაუდოდ გვარამია პასუხობს, რომ "ჩაივლის, მაგრამ ყარამანიშვილებთან ლაპარაკის თავი არ მაქვს" და ყარამანიშვილებს "ავადმყოფს" უწოდებს, ასევე მას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."