გიორგი მარგველაშვილი - ნათელი არგუმენტი, თუ რატომ უნდა წაიღონ ჩვენგან პრეზიდენტის არჩევის უფლება, ჯერ არ მომისმენია

გიორგი მარგველაშვილი - ნათელი არგუმენტი, თუ რატომ უნდა წაიღონ ჩვენგან პრეზიდენტის არჩევის უფლება, ჯერ არ მომისმენია

ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, როგორც ამომრჩევლებს, რომ ავირჩიოთ ქვეყნის პრეზიდენტი და ნათელი არგუმენტი, თუ რატომ უნდა წაიღონ ჩვენგან ეს უფლება და გადასცენ ვიღაცას სხვას, ჯერ არ მომისმენია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო ცვლილების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველ ამომრჩეველს ეს შესაძლებლობა არ უნდა წაერთვას.

"უფრო დეტალურად რომ დავფიქრდეთ, რას ნიშნავს არსებულ კონსტიტუციურ ვითარებაში პრეზიდენტის შესუსტება, მივხვდებით, რომ სერიოზულ სირთულეებთან შეიძლება გვქონდეს საქმე. ნებისმიერი კონსტიტუციური სისტემა იზომება არაერთი პარამეტრით, მაგალითად არჩევითობით ან ამა თუ იმ უფლებით, რომელიც არის გადანაწილებული პარლამენტს, პრეზიდენტს თუ პრემიერ მინისტრს შორის. იზომება დაბალანსებულობის ხარისხით, ანუ რამდენად აქვს შტოებს, რამდენად აქვს სახელმწიფო ინსტიტუტებს ერთი მხრივ, ეფექტურად ფუნქციობის შესაძლებლობა და მეორე მხრივ, გააჩნიათ უნარი, ერთმანეთი დააბალანსონ და გააკონტროლონ. სიმართლე გითხრათ, საქართველოში პოლიტიკურ ვითარებაზე რომ ვფიქრობთ და ვხედავთ იმას, რომ ქვეყანაში ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი პოლიტიკური პარტიის ირგვლივ, ჩვენ ვფიქრობთ არა იმაზე, როგორ შევასუსტოთ ინსტიტუტები ბალანსის ნაწილზე, პირიქით, უნდა ვიფიქროთ, რანაირად გავმართოთ სისტემა, რათა დაბალანსების და გაწონასწორების მექანიზმები უფრო ეფექტურად მუშაობდეს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე განცხადებით, საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების შემდეგ საპარლამენტო და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

"დღის წესრიგში დადგა არჩევნების მერე. იყო თუ არა საზოგადოების მიერ დაკვეთა?! არა მხოლოდ არ იყო, არამედ არ არის და ვერც წარმომიდგენია, რანაირად უნდა შეუკვეთოს საზოგადოებამ პოლიტიკურ სპექტრს, რომ უფლება მაქვს და ეს უფლება წამართვი, შენ წაიღე. რანაირად უნდა შეუკვეთოს, ვერ წარმომიდგენია თეორიულადაც კი... არც იყო საზოგადოების დაკვეთა, არც იყო საარჩევნო კამპანიის თემა, მაგრამ მოხდა რა არჩევნების შემდეგ ხელისუფლების კონცენტრაცია პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" ხელში, ეს გაჩნდა, როგორც ნომერ პირველი გადასაწყვეტი თემა. არადა ცოტა უცნაურია, რადგანაც ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული პრობლემების წინაშე, მათ შორის ეკონომიკური პრობლემა, გართულებული უსაფრთხოების საკითხი რეგიონში. აი, სად იყო საზოგადოების დაკვეთა. ეს არის პოლიტიკური პარტიის ხედვა და მათი ხედვა პირველივე კომენტარებში ჩანს, როცა გააცნობიერა, რომ საპარლამენტო და საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."