თალაკვაძე უმცირესობას: "ჟურნალისტთა შეურაცხყოფაა, როცა ამბობთ, რომ ყველა მედიასაშუალების თანამშრომელი მართულია და მარტო ბატონი გვარამიაა თავისუფალი"

თალაკვაძე უმცირესობას: "ჟურნალისტთა შეურაცხყოფაა, როცა ამბობთ, რომ ყველა მედიასაშუალების თანამშრომელი მართულია და მარტო ბატონი გვარამიაა თავისუფალი"

"ჩვენ არანაირი მიზანი არ გვაქვს, რომ რომელიმე ტელევიზია დავხუროთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თალაკვაძემ ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში არის სწორედ ”ქართული ოცნების” ხელისუფლების მიღწევა.

”მინდა გამოვეხმაურო მედიის თავისუფლების საკითხებს. მინდა ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ მედიის თავისუფლება საქართველოში და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიღწევა. მე არ მინდა ახლა ექსკურსი გავაკეთო და შეგახსენოთ, როგორ კონტროლდებოდა მედია თქვენი მმართველობის პერიოდში და როგორ ფასადურად იყო ადამიანის უფლებები დაცული საქართველოში. ასევე მინდა მარტივი არგუმენტი გითხრათ, ისინი ვინც ცდილობთ, რომ სპექტაკლი დადგათ და თქვათ, თითქოს ხელისუფლებას უნდა, ”დაახრჩოს” ”რუსთავი 2” და დახუროს არხები - ხომ არ გავიწყდებათ, რომ სწორედ ”რუსთავი 2”-ის მაუწყებლობის პირობებში ცდილობდით გამოგეყენებინათ ეს არხი ინსტრუმენტად არჩევნების პერიოდში. ჩვენ მოვიგეთ რამდენიმე არჩევნები და ეს არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ჟურნალისტთა კორპუსს უმცირესობა შეურაცხყოფას აყენებს, როცა აცხადებს, რომ დამოუკიდებელი მედიასაშუალება მხოლოდ ”რუსთავი 2”-ია.

”ჩვენ არანაირი მიზანი არ გვაქვს, რომ რომელიმე ტელევიზია დავხუროთ და მეტიც, შეურაცმყოფელია უბრალოდ მთელი ჟურნალისტთა კორპუსისთვის, როცა ამბობთ, რომ ისინი არიან კონტროლის ქვეშ და მხოლოდ ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი, ბატონი გვარამია არის თავისუფალი და ამაყი ჟურნალისტი. თქვენ ფიქრობთ, რომ სხვა ჟურნალისტები არიან მორჩილები და მხოლოდ ბატონი ნიკა არის თავისუფალი ჟურნალისტი? - უბრალოდ სირცხვილია ასეთ შეურაცხყოფას რომ აყენებთ ჟურნალისტთა კორპუსს”, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."