"ის ფიქრობს, რომ არის მსხვერპლი..." - რაზე ესაუბრა დაკავებული მამა გიორგი მამალაძე სახალხო დამცველს

"ის ფიქრობს, რომ არის მსხვერპლი..." - რაზე ესაუბრა დაკავებული მამა გიორგი მამალაძე სახალხო დამცველს

სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული მამა გიორგი მამალაძე მოინახულა.

როგორც ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა განუცხადა, დეკანოზი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს არის აბსურდული ბრალდება. მისი თქმით, დეკანოზი აგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ სიმართლე გაირკვეს.

"ის ამბობს, რომ სასულიერო პირზე და უმაღლესი იერარქიის მქონე სასულიერო პირზე საერთოდ არ არის საუბარი ბრალში, რომელიც მას წარედგინა. მე ყველა დეტალს ვერ ვიტყვი და თვითონაც არ უსაუბრია ამაზე, თუმცა ამბობს, რომ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირზეა საუბარი და გამიზნული იყო კონკრეტული დანაშაული, ამაზე ბრალში საერთოდ არ არის საუბარი", - განაცხადა ნანუაშვილმა.

"ის ასევე ითხოვს, რომ არ მიეცეს ამ საკითხს პოლიტიზების შესაძლებლობა. დეკანოზი ითხოვს მისი ოჯახის უსაფრთხოებას და მე ცალკე მოვითხოვ, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული. დეკანოზი სიმართლის დადგენაში დახმარებას სთხოვს ყველას", - განაცხადა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის თქმით, არის საკითხები, რომელიც ეხება გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს.

"სახალხო დამცველი იქნება ჩართული, რომ დეტალურად შევისწავლოთ აღნიშნული საქმე. პროცედურული დარღვევები იყო თუნდაც ის, რომ დაკავების დროს არ მიეცა ზარის განხორციელების საშუალება, არ განუმარტეს დაკავების მიზეზი და ა.შ. ასევე ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია მის მიმართ, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მე ალბათ არ მეგულება ადამიანი საქართველოში, ვისაც არ ექნება კითხვის ნიშნები ამ საქმესთან დაკავშირებით. ბევრი დეტალი უნდა გაირკვეს, მათ შორის, რატომ მიდის მხოლოდ ერთი მიმართულებით საქმე. მას აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები, ის საუბრობს იმაზე, რომ ამ საქმეს ეტყობა მომზადების ნიშნები - დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, რაც მოხდა და ის ფიქრობს, რომ არის მსხვერპლი. ვისი მხრიდან არის მსხვერპლი, ამაზე არ საუბრობს. სანამ პროკურატურა საზოგადოებას არ მიაწვდის მეტ ინფორმაციას, კითხვის ნიშნები იარსებებს. რაც პროკურატურამ წარმოადგინა, ლოგიკაში რაღაცები არ ჯდება", - განაცხადა ნანუაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."