ნიკა გვარამია დაკავებას ელოდება? - "მინდობილობა უკვე გაცემული მაქვს, ტელეკომპანიას უხელმძღვანელებს ზაალ უდუმაშვილი"

ნიკა გვარამია დაკავებას ელოდება? - "მინდობილობა უკვე გაცემული მაქვს, ტელეკომპანიას უხელმძღვანელებს ზაალ უდუმაშვილი"

ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოკითხვაზეა დაბარებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში ის დღეს, 18:00 საათამდე უნდა მივიდეს. უწყების განცხადებით, საქმე ეხება გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. როგორც გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შსს-ს მიერ წარმოებულ გამოძიებას არ ენდობა. "მე გამოკითხვაზე არ მივდივარ. მე არ ვენდობი შინაგან საქმეთა სამინისტროს, მე არ ვენდობი იმ სამინისტროს, რომელიც აყალბებს ექსპეტიზის მონაცემებს ხელისუფლების დაკვეთით. მე ვიყენებ უფლებას საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებულს და ვითხოვ დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით. თუ სასამართლო ჩათვლის ამას საჭიროდ, მე მზად ვარ გამოვცხადდე და მივცე ჩვენება სასამართლოს მეშვეობით",- განაცხადა გვარამიამ.

იხილეთ ვიდეო

ტელეკომპანიის ხელმძღვანელი არც იმას გამორიცხავს, რომ დღეს მისი დაკავება მოხდეს, რა შემთხვევაშიც მის მოვალეობას ზაალ უდუმაშვილი შეასრულებს.

"თუ არ გეყოფათ საღი აზრი და მე დღეს დამაკავებთ, "რუსთავი 2" მაინც იდგება ფეხზე. აქცია მაინც ჩატარდება. მე მინდობილობა უკვე გაცემული მაქვს, ტელეკომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, რომელიც ჩემზე არანაკლებ გულმხურვალე პატრიოტია როგორც ქვეყნის, ასევე, "რუსთავი 2"-ის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, "რუსთავი 2"-ელები აქციის გამართვას გეგმავენ, სადაც გვარამიას თქმით მოითხოვენ "სამართლიანობას, ჩვენი უფლებების დაცვას, იმას, რაც გვეკუთვნის კონსტიტუციით, კანონმდებლობით":

"რუსთავი 2"-ის თავზე შავი ღრუბელი შეკრულია და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ვემზადებით. ამ დღეებში გადაწყდება, "რუსთავი 2"-ის, თავისუფალი სიტყვის და ქართული დემოკრატიის ბედი. ძალიან მძიმე ზეწოლა მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე. დღევანდელი და ბოლო პერიოდის სახელისუფლებო კამპანია იქეთკენ არის მიმართული. ამიტომ ჩვენ, "რუსთავი 2"-ელებმა მივიღეთ გადაწყვეტილება - კვირას, 14:30 საათზე, ძველი პარლამენტის შენობასთან ვიკრიბებით, ვიდგებით იქ ყველანი და მოვითხოვთ სამართლიანობას, ჩვენი უფლებების დაცვას, იმას, რაც გვეკუთვნის კონსტიტუციით, კანონმდებლობით. ჩვენ ვიქნებით ბევრნი, პრაქტიკულად ყველანი ვინც აქ ვმუშაობთ, ჩვენი ოჯახის წევრებით და გეპატიჟებით ყველას - პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობას, ვისთვისაც ძვირფასია "რუსთავი 2", მაგრამ მათაც, ვისაც "რუსთავი 2" არ მოსწონს, მაგრამ მიაჩნია, რომ მედიისა და სიტყვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. გიწვევთ ყველას, ერთად გავაპროტესტოთ უკანონობა. მე აუცილებლად ვიდგები ამ მიტინგზე, თუ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რომ ეს ასე არ მოხდეს, იდგება ყველა მინუს მე - ჩვენ მაინც ვიქნებით ბევრნი", - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას დაკავებას არ გამორიცხავს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი. როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, გვარამიას დაკავების, ან დროებითი განეიტრალების შემთხვევაშიც, ტელეკომპანია "სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცავს თავს".

"დღევანდელი განცხადებების შემდეგ უკვე აღარაფერს გამოვრიცხავ, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ყველა ხვდება, რომ "რუსთავი 2"-ის საკითხის გადაწყვეტა დღეების ამბავია. ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის დაკავებას, ისეთი აბსურდული საქმით, როგორიც დღეს არის. ამ შემთხვევაში მინდა მივმართო ხელისუფლებას და იმ პრიმიტიულ ადამიანებს, რომლებმაც ეს დაგეგმეს - ბატონებო, თქვენ თუ გგონიათ, რომ გვარამიას დაკავებით ან დროებითი განეიტრალებით "რუსთავი 2"-ს ხონჩაზე მიიღებთ, ძალიან ცდებით. "რუსთავი 2"-ში 1000-მდე ადამიანი მუშაობს, რომელიც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს "რუსთავი 2"-სთვის. არც ერთი, არც ერთი ნაბიჯით არ დაიხევს უკან. ამის პირობას ვდებ მე, ზაალ უდუმაშვილი. ეს ტელევიზია იმუშავებს ისე, როგორც აქამდე მუშაობდა. ამ სცენარის დასასრული მინდა გითხრათ წინასწარ, "რუსთავი 2" ისევ ეთერში იქნება, ნიკა გვარამია - თავისუფალი და თქვენ სად იქნებით, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."