პროკურატურა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულის გათავისუფლებას გაასაჩივრებს

პროკურატურა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულის გათავისუფლებას გაასაჩივრებს

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებული დავით ხეჩუაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა, იოსებ ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, დაზარალებულისთვის საქმის მასალების გაცნობას აქვს შესაბამისი პროცედურები და გამოძიებამ ამ შემთხვევაში გამოიჩინა კეთილი ნება, რათა გაეცნო გივი თარგამაძისთვის საქმის მასალები მიუხედავად საპროცესო ვადებისა.

"როდესაც ჩვენ დაგვიკავშირდა გივი თარგამაძის ადვოკატი, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო თანხმობა, რომ მობრძანებულიყო და გაცნობოდა საქმის მასალებს. ბრალდების მხარეს აქვს შესაბამისი ვადები, რა დროს უნდა გააცნოს დაზარალებულს საქმის მასალები და როდესაც დაზარალებული გამოხატავს ინიციატივას, ჩვენ გამოვიჩინეთ კეთილი ნება, რათა გავაცნოთ საქმის მასალები. საქმის მასალების ნაწილს გივი თარგამაძე უკვე გაცნობილია, გუშინ კი დაგვიკავშირდა მისი ადვოკატი, რათა დღეს მომხდარიყო დანარჩენი ნაწილის გაცნობა", - განაცხადა იოსებ ხუციშვილმა.

რაც შეეხება, თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებული ბორის ჩაგუნავას გამტყუნების მიუხედავად გათავისუფლებას, პროკურორის თქმით, სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს.

"საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და ბორის ჩაგუნავა დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მას სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც პირობით მსჯავრად ჩაეთვალა და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი. აღნიშნულ განაჩენს ბრალდების მხარე არ ეთანხმება. დღეს მივიღეთ დასაბუთებული გადაწყვეტილება და მისი გაცნობის შემდეგ აუცილებლად კანონის ვადაში გავასაჩივრებთ. არ ვეთნხმებით განაჩენს იმ მოტივით, რომ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიიდან და ჩაგუნავასგან ამოღებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერების რაოდენობიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი მსუბუქია", - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, არის თუ არა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე რაიმე ახალი მტკიცებულება, იოსებ ხუციშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს, რაც შეეხება დაზარებულის ბრალდებებს საქმის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, პროკურორმა აღნიშნა, რომ საქმე მარტივი არაა და მიმდინარეობს ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმება, რათა ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."