ნიკა გვარამიას კომენტარი სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ

ნიკა გვარამიას კომენტარი სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, გამოკითხვიდან შთაბეჭდილება დარჩა, რომ პროკურატურას სურს მის მიმართ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრას, თუნდაც ქრთამის ნაწილში.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ნიკა გვარამიამ აღნიშნა, გამოძიება ინტერესდებოდა იგივე ქრთამის ნაწილზე, რაც აღძრულ საქმესთან არავითარ კავშირში არ არის. თუმცა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თქმით, მან დასმულ კითხვებს რიგ შემთხვევებში პასუხები გასცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვებს გამოძიებასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა.

"გამოძიება ცდილობს შინაარსის განხილვას რა ვისაუბრე, რატომ და ა.შ. გამოძიებას ავიწყდება, რომ საქმე აღძრული არ არის არც ქრთამის აღებაზე და არც რამე სხვაზე, გამოძიება მიმდინარეობს კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევასა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებაზე, ამიტომ ჩვენი განმარტება იყო, რომ კითხვები უნდა შეეხებოდეს კონკრეტულ გამოძიებას და კითხვები, რომლებიც ცდება ამ გამოძიებას, მასზე პასუხებისგან თავს შევიკავებდით. ამის მიუხედავად, მთელ რიგ შეკითხვებზე პასუხები გაცემული იყო, მათ შორის იგივე ქრთამის ეპიზოდზე, რომელსაც ირგვლივ უვლის გამოძიება, ამაზეც მივეცით განმარტება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის მიმართულებით გამოძიებას არავითარი ნაბიჯი არ აქვს გადადგმული და მხოლოდ გაანალიზებულია ფარული ჩანაწერის შინაარსი.

"შთაბეჭდილება დამრჩა იმის რაც ხდება - რომ აღძრან ჩემზე ახალი სისხლის სამართლის საქმე, თუნდაც ქრთამის ნაწილით, რაც შეუძლებელია. სულ რომ ის მელაპარაკა რაც გამოქვეყნდა, იქაც არ არის ქრთამის შემადგენლობა. გარდა ამისა, ყველას შევახსენებ, რომ 6 მილიონი, საიდანაც ვითომ მილიონი უნდა გადამეხადა, საბოლოო ჯამში "რუსთავი 2"-ში არ მოსულა, ამ ხელისუფლების გამო, რადგან ხელშეკრულება, რომელიც უნდა გაფორმებულიყო, ყადაღის გამო დაიბლოკა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თქმით, ქრთამის ნაწილის გარდა გამოძიება ეცდება მის მიმართ საქმე ცრუ ჩვენების მიმართულებითაც აღიძრას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."