ზურაბ ჯაფარიძე: "ის რაც "აუდიტორია 115-მა გააკეთა ბიბლუსის ფილიალში, არის მავნებლობა"

ზურაბ ჯაფარიძე: "ის რაც "აუდიტორია 115-მა გააკეთა ბიბლუსის ფილიალში, არის მავნებლობა"

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება "აუდიტორია 115-ის ქმედებებს და მათი წევრების გუშინდელ შეჭრის ფაქტს "ბიბლუსი გალერიში". ჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაიცვას კერძო მესაკუთრის უფლებები.

"აუდიტორია 115-ის ქმედებებზე ხმას არ იღებს არც ერთი პოლიტიკური ძალა. ადექვატურად არ რეაგირებენ სამართალდამცავები. ამიტომ მე ვიტყვი, ის რაც გუშინ ამ ახალგაზრდებმა გააკეთეს ბიბლუსის ერთ-ერთ ფილიალში არის ჩვეულებრივი მავნებლობა. ასეთი მავნებლობების რეაგირების გარეშე დატოვება სამართალდამცავების მხრიდან ახალისებს მსგავს ქმედებებს და საბოლოო ჯამში დედას უ$%&^ ამ ქვეყნის მომავალს.

ბიბლუსი არის კერძო კომპანია. არის ისეთი როგორიც არის. არავის საქმე არ არის როგორია. შეიძლება მოსწონდეს ვინმეს, შეიძლება ეზიზღებოდეს. ბიბლუსი, ისეთი როგორიც არის, ქმნის/ყიდის რაღაც პროდუქტს. არავის საქმე არ არის როგორ პროდუქტს ქმნის. შეიძლება მოსწონდეს ვინმეს ეს პროდუქტი, შეიძლება არ მოსწონდეს, შეიძლება საერთოდ არ აინტერესებდეს. ამ პროდუქტს ჰყავს მყიდველი. ანუ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან დროის კონკრეტულ მომენტში საკუთარი ფული გადაიხადონ იმაში რასაც ბიბლუსი ყიდის.

ამ პროდუქტის/მომსახურების შესაქმნელად/ბაზარზე გამოსატანად ბიბლუსი იყენებს რესურსებს. მათ შორის ფულს, რომელიც შეიძლება ნასესხები აქვს და უნდა ისტუმროს ბევრი წელი; შენობებს რომლებიც შეიძლება ნაქირავები აქვს და უნდა იხადოს ქირა ყოველ თვე; სხვა რესურსებს; მათ შორის ადამიანების შრომას.

ბიბლუსი არავის ძალის გამოყენებით ანუ ძალადობით არ ართმევს რესურსს, მათ შორის არც შრომას. ფულის მფლობელი რომელიმე საფინანსო ინსტიტუტი მას ნებაყოფლობით აძლევს ფულს რადგან ამ ოპერაციიდან ელოდება სარგებელს; ფართის მეპატრონე ნებაყოფლობით აქირავებს მას საკუთრებას, რადგან ამ ოპერაციიდან ასევე ელოდება სარგებელს; და იქ დასაქმებული ადამიანებიც ნებაყოფლობით ჰყიდიან საკუთარ შრომას რაღაც ფასად რადგან ამ ოპერაციიდან ასევე ელოდებიან სარგებლის მიღებას.

საბოლოო ჯამში ასეთი ნებაყოფლობითი თანამშრომლობების ჯაჭვიდან იქმნება ის რაღაც პროდუქტი, რომელსაც ბიბლუსი ჰყიდის და რომელშიც ადამიანების რაღაც რაოდენობა, ასევე ნებაყოფლობით, მზადაა გადაიხადოს საკუთარი შრომის შედეგად მოპოვებული შემოსავლის გარკვეული ნაწილი.

ამ ჯაჭვის ნებისმიერ შემადგენელს, იქნება ეს ბანკი, შენობის მეპატრონე თუ დასაქმებული, ნებისმიერ დროს, საკუთარი ნებით შეუძლია უარი თქვას ამ პროცესში მონაწილეობაზე თუ მისთვის ურთიერთგაცვლის არსებული პროცესი აღარ იქნება ისეთი სარგებელის მომტანი, როგორიც მისთვის სასურველია.

ასე მუშაობს ეს სისტემა. ამ სისტემაში მთავარი არის ნებაყოფლობითი ჩართვა-გამორთვის არსებობა, ანუ არა-ძალადობა. ასეთ სისტემაზე დგას თანამედროვე ცივილიზაცია. ყველა მცდელობა ამ სისტემის დემონტაჟისა და მის ნაცვლად "უკეთესი" სისტემის შექმნისა, რომელიც უგულვებელყოფს კერძო საკუთრების და ნებაყოფლობითი თანამშრომლობის პრინციპს, ბუნებრივად გულისხმობს ძალადობის ელემენტების გაჩენას და კაცობრიობის ისტორიაში, ყოველთვის, გამონაკლისების გარეშე, დასრულდა კრახით და შეიწირა ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე.

ამ ახალგაზრდებს ეს არ ესმით. არც უნდათ რომ გაიაზრონ. მაგრამ ეს უნდა გესმოდეთ თქვენ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. თქვენი ერთადერთი ფუნქციაა დაიცვათ ადამიანების საკუთრება და მათი ნებაყოფლობითი ხელშეკრულებები. თქვენი საქმე არაა გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც კერძო მესაკუთრე დაგიძახებთ და მოგთხოვთ დაატოვებინოთ მის საკუთრებაში არსებული ტერიტორია ადამიანების ჯგუფს, რომლებიც მისი ნების საწინააღმდეგოდ შეიჭრნენ მის საკუთრებაში - ეს უნდა გააკეთოთ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი "ზემოთ ჭკუის კითხვის" გარეშე. ამაში გიხდით ხელფასს.

სხვა შემთხვევაში, საკუთრების დაცვას დაიწყებენ თავად მესაკუთრეები. სამართლიანადაც. და მერე უკვე მორევაზე იქნება. უბრალოდ, ამ ქვეყნიდან და მისი ეკონომიკიდან არაფერი დარჩება" - წერს ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ბიბლუსი გალერეაში" "აუდიტორია 115"-ის წევრები შეიჭრნენ. "აუდიტორია 115"-ის წევრები "ბიბლუსი გალერეაში" განხორციელებულ როტაციის პროცესს და ორი თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. მომხდარის გამო "ბიბლუსი გალერეაში" სამუშაო პროცესი ჩაიშალა.

ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას "აუდიტორია 115"-ის წევრები "ბიბლუსი გალერის" მოქმედ კონსულტანტებზე.

როგორც "ბიბლუსის" დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ განუცხადა, "აუდიტორია 115"-ის წევრებმა ხელი შეუშალეს სამუშაო პროცესს, მოაწყვეს არეულობა და შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს.

იხილეთ ვიდეო:"მადლობა თქვი, რომ ასე გელაპარაკები" - "აუდიტორია 115"-ის ლიდერის დაპირისპირება "ბიბლუსის" თანამშრომლებთან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."