ხმაური მერიაში - მთავრობის სხდომაზე ოპოზიციონერები არ შეუშვეს: "კანონზე მაღლა დგას ნარმანია?"

ხმაური მერიაში - მთავრობის სხდომაზე ოპოზიციონერები არ შეუშვეს: "კანონზე მაღლა დგას ნარმანია?"

დედაქალაქის მერიაში მთავრობის დახურული სხდომა მიმდინარეობს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც უწყებაში დაახლოებით 10:00 საათისთვის მივიდნენ, მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს. მერიის შესასვლელში თბილისის საკრებულოს ექვსი დეპუტატი იმყოფებოდა, თუმცა დაცვის სამსახურმა მათ სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცა.

მერიაში იყვნენ დეპუტატები: ალეკო ელისაშვილი, ხათუნა სამნიძე, მამუკა ახვლედიანი, სევდია უგრეხელიძე, მარიკა დათუკიშვილი, შორენა ბუხრაშვილი.

"სულ რომ სასეირნოდ და ყავის დასალევად ვიყოთ მოსული, მაინც არ აქვთ უფლება,  საკრებულოს დეპუტატები არ შეუშვან" - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს.

"საკრებულოს დეპუტატები ვართ და უფლება არ აქვთ დაგვაბრკოლონ მერიაში შესვლაზე, მით უმეტეს, რომ გასართობად არ ვართ მოსული აქ ამ დილაადრიან. თბილისის მერია არის მილიონიან კორუფციულ სკანდალში ჩაფლული და ამასთან დაკავშირებით საუბარი გვინდა", - განაცხადა ელისაშვილმა.

რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ დეპუტატებს სხდომაზე შესვლის შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა მათ უარი თქვეს. ოპოზიციონერ დეპუტატებს მერიის უსაფრთხოების სამსახურმა განუცხადა, რომ მერიაში შეუშვებდნენ, თუმცა საკრებულოს წევრებმა განაცხადეს, რომ უკვე დაგვიანებულია და მერიაში აღარ შევლენ და მერია დატოვეს. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის სევდია უგრეხელიძის განცხადებით, მერიამ დაარღვია კანონი, როცა დეპუტატები მთავრობის სხდომაზე არ შეუშვა მაშინ, როცა ისინი შესვლას ცდილობდნენ.

დეპუტატები თბილისის მერ დავით ნარმანიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავენ. როგორც დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, საკრებულოს დეპუტატების თბილისის მთავრობის სხდომაზე არშეშვება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაა.

"ჩვენ ნახევარი საათის განმავლობაში მოვითხოვდით, რომ შესრულებულიყო კანონი. არსად წერია, შემოგიშვებთ, არ შემოგიშვებთ. აქ მოვედით და უნდა შევსულიყავით დაუბრკოლებლად. კანონზე მაღლა დგას ნარმანია? არავის სახვეწარი არ არის, შეგვიშვან თუ არა. არის კონკრეტული კითხვები, რატომ მოპარეს თბილისის მოსახლეობას მილიონი და რატომ ჩაუდეს ვიღაც ტიპს ჯიბეში. ისინი ვალდებულები იყვნენ, რომ დაუბრკოლებლად გავეტარებინეთ. ასე ელაპარაკოს თავის ოჯახის წევრებს ნარმანია. თავის ბიძაშვილ-მამიდაშვილებს აუკრძალოს და მერე მისცეს ნება მერიაში შესვლის", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის მერია განცხადებით გამოეხმაურა საკრებულოს დეპუტატებს, რომლებიც დღეს მერიაში მივიდნენ და მთავრობის სხდომაზე დასწრება სცადეს. როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეპუტატები ხელოვნურად ცდილობენ აჟიოტაჟის შექმნას.

"გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეპუტატები ხელოვნურად ცდილობენ აჟიოტაჟის შექმნას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს უფლება დაესწროს დედაქალაქის მთავრობის სხდომას, თუ სხდომა წინასწარ არ არის გამოცხადებული დახურულად და შესაბამისად, საკრებულოს წევრებსაც მიეცათ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დეპუტატებს თბილისის მერიისთვის სხდომაზე დასწრების მოთხოვნით წინასწარ არ მოუმართავთ, შესაბამისად, მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს წევრებს სურვილი ჰქონდათ დასწრებოდნენ სხდომას, საკითხი შეთანხმდა მთავრობის წევრებთან და მათ ამის საშუალება მიეცათ.

მიუხედავად ამისა, დეპუტატები სხდომას არ დაესწრნენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი ქმედება მხოლოდ და მხოლოდ მედიისა და საზოგადოების წინაშე შოუს მოწყობას ემსახურებოდა", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."