აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელები ჩაკეტა - ქართული მხარის კომენტარი

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელები ჩაკეტა - ქართული მხარის კომენტარი

ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელები აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით ჩაიკეტა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. საზღვარი დღეს ცალმხრივად იქნება გახსნილი იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩნენ, ხვალიდან კი ეს გადასასვლელები ორმხრივად ჩაიკეტება.

"მე მაქვს პატარა ჯიხური, სადაც ვვაჭრობ და დღეის შემდეგ ფაქტობრივად, ჩემი ჯიხურიც დაიკეტება. ეს არა მარტო ჩემი, არამედ მთელი სოფლის პრობლემაა, რადგან თუ მიმოსვლა არ იქნება, აღარ იმოძრავებს არც სამარშრუტო და არც კერძო ტაქსები, ნაბაკევსა და მიმდებარე სოფლებში დარჩენილ მოსახლეობას კი შორი გზის გავლა მოუწევს იმისთვის, რომ ენგურის ხიდის გავლით ზუგდიდის მიმართულებით გადმოვიდნენ", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი დოდო ფორია.

გალის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობას დღეიდან მხოლოდ ენგურის ხიდის გავლით შეეძლება ზუგდიდის მიმართულებით გადაადგილება, რისთვისაც დამატებითი ხარჯების გაღება მოუწევთ, რადგან, მათივე განმარტებით, ხიდამდე დანიშნული ტრანსპორტი ფასიანია.

ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"ნიშანდობლივია, რომ 2016 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დახურეს თაგილონისა და ლეკუხონას სოფლების ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, ხოლო 2017 წლის 5 მარტს გააუქმეს კიდევ ორი ე.წ. გადასასვლელი პუნქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ უფლებებს და ემსახურება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებას. საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების რაოდენობის შემცირება კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას, განსაკუთრებით - მოწყვლადი ჯგუფების: მოხუცების, ავადმყოფებისა და სკოლის მოსწავლეების ყოფას, რაც ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, გაერო-ს, ევროკავშირის, ნატო-ს, აშშ-ის, ლიტვის, იაპონიის მკაფიო მოწოდებებისა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა სოხუმში, როგორც ჩანს, მიიღო გადაწყვეტილება, გააგრძელოს დესტრუქციული პოლიტიკა და ხელი შეუშალოს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ისევე, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობით მოეკიდოს ადგილზე ვითარების ესკალაციის თავიდან აცილების საკითხს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვანი შეფასება მისცეს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და ოკუპირებული რეგიონების იზოლირების ტენდენციას, ასევე 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დანიშნულ ე.წ. რეფერენდუმს და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის უკანონო ნაბიჯებზე", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ე.წ. გადასასვლელების დაკეტვას ეხმაურება ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ გამყოფ ხაზზე ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასავლელების დაკეტვა აბსოლუტურად მიუღებელია, უხეშად არღვევს, კიდევ უფრო ზღუდავს და ამძიმებს გადაადგილების თავისუფლების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ ისედაც რთულ ვითარებას.

"ამასთან, ეს პრობლემებსა და სირთულეებს უქმნის არა მხოლოდ გალის რაიონის, არამედ მთელი რეგიონის მოსახლეობას. ამ გადასასვლელებზე დღეში საშუალოდ 1000-მდე კვეთა ფიქსირდება ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების მიზნით. მათ შორის, იზღუდება იმ ბავშვთა უფლებები, რომელთაც სკოლებში მისასვლელად გამყოფი ხაზის გადაკვეთა უწევს და აღნიშნული შეზღუდვა ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის მათ სასწავლო პროცესში ჩართვას.

ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია დე- ფაქტო რეჟიმის არგუმენტი, რომ თითქოს, აღნიშნული გადაწყვეტილება „უსაფრთხოების ზომების გაძლიერების" მიზნით მიიღეს. ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასავლელებით სარგებლობს მშვიდობიანი მოსახლეობა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ნათლად დააფიქსირა და განაცხადა სამშვიდობო პოლიტიკისა და მშვიდობიანი მიდგომების ერთგულება. საერთაშორისო თანამეგობრობამ უკვე მისცა მკვეთრი შეფასებები ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლების - გადაადგილების თავისუფლების უხეში დარღვევისკენ მიმართულ ამ ნაბიჯს.

მოვუწოდებთ ამ გადაწყვეტილებაში ჩართულ ყველა მხარეს, გააცნობიეროს ამ ქმედების სიმძიმე პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობისათვის და გადადგას ნაბიჯები არა გართულების, არამედ გადაადგილების შესაძლებლობების შემდგომი გამარტივებისაკენ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."