რუსეთში მიიჩნევენ, რომ საქართველოში მიგრანტების განთავსების იდეა რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

რუსეთში მიიჩნევენ, რომ საქართველოში მიგრანტების განთავსების იდეა რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

საქართველოში მიგრანტთა განთავსების შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მოსაზრებას რუსეთში პირველი კომენტარები უკვე მოყვა. რუსეთში მიიჩნევენ, რომ საქართველოში მიგრანტების განთავსების იდეა, საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის გათვალისწინებით, რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ამასთან დაკავსირებით სააგენტო "რია ნოვოსტისთან" კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ფრანც კლინცევიჩმა.

"ჯერჯერობით ეს არის საქართველოს რეაქციის შემოწმება, მაგრამ შემდეგ ამას შესაძლოა მოჰყვეს უფრო კონკრეტული წინადადებები. ცხადია, ევროკავშირის ქვეყნები ეცდებიან, შეძლებისდაგვარად, სწრაფვას იქითკენ, რომ ჩამოიხსნან სამიგრაციო კრიზისის ტვირთი და ის სხვას გადააბარონ", - განაცხადა კლინცევიჩმა.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მიიღო, "უფასო ყველი კი, როგორც ცნობილია, მხოლოდ სათაგურშია". "საქართველოსთან დიდი ხნის ისტორიული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ამ ქვეყანაში არსებული ვითარება, შეუძლებელია, არ გვაღელვებდეს. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის წინადადება პირდაპირ ეხება რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, რომელსაც საქართველოსთან საერთო საზღვარი გააჩნია, უპირველესად მუქარების ასპექტში, რაც საერთაშორისო ტერორიზმს უკავშირდება. ჩვენ გვახსოვს ის დრო, როდესაც საქართველოს პანკისის ხეობაში მზადდებოდნენ ტერორისტები, რომლებიც შემდეგ ჩვენთან კავკასიაში იარაღდებოდნენ", - აცხადებს ფედერაციის საბჭოს წევრი.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მოსაზრებით, ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას. ამის შესახებ სებასტიან კურცმა bild-თან ინტერვიუში განაცხადა. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მისივე განმარტებით, ის პირები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ამ ცენტრებში იქნებიან მოთავსებული.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი საქართველოს 3 თებერვალს სტუმრობდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ვიზიტის დროს აღნიშნული საკითხი არ განხილულა და, შესაბამისად, უწყებისთვის უცნობია, რას უკავშირდება მინისტრ კურცის ეს მოსაზრება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."