გიორგი მარგველაშვილი - "რუსთავის2"-ის გაჩერებით ძალიან სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ ქართულ დემოკრატიასა და საერთაშორისო იმიჯს

გიორგი მარგველაშვილი - "რუსთავის2"-ის გაჩერებით ძალიან სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ ქართულ დემოკრატიასა და საერთაშორისო იმიჯს

ტელეკომპანია "რუსთავის2"-ის გაჩერებით ძალიან სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ ქართულ დემოკრატიასა და საერთაშორისო იმიჯს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "იმედის დროში" განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვია, რომ "რუსთავი2"-ს ღიად აქვს დეკლარირებული, რომ არის პროდასავლური ორიენტაციის სატელევიზიო არხი, რასაც მარგველაშვილის აზრით, გარკვეული საერთაშორისო კონტექსტი გააჩნია და აქედან გამომდინარე, საქმის მიმართ სენსიტიურობაც იზრდება. აქვე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ის სამართლებრივი დავის განხილვაში არ შედის.

"ის, რაც 2007 წელს მოხდა, იყო კატასტროფა. მახსოვს მაშინ ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს ვთქვი, რომ ეს სააკაშვილისთვის იყო ტრაგიკული შეცდომა, რომელზეც ის გადაიხდის. მერე ასეც მოხდა. 2012 წელს, როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენი მთავარი პოლიტიკური გზავნილი იყო, რომ ჩვენ სახელმწიფოს ტერორს ვამთავრებთ, ჩვენ მედიაზე კონტროლს ვამთავრებთ, ვამთავრებთ მოსმენებს და ადამიანების შანტაჟს. ეს იყო, რაც გვაერთიანებდა განცხადებების დონეზე და ემოციურადაც. "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობის მთავარ პრობლემას იმაში ვხედავდით, რომ მათთვის ადამიანი იყო ის ერთეული, რომელიც თუ არ გეთანხმებოდა, უნდა გაგეჩუმებინა. ძირითადად, ეს გაჩუმება აგრესიული მეთოდებით ხორციელდებოდა - ეს ეხებოდა მედიას, ოპოზიციურ აზრს და ასე შემდეგ. 2012 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ ჩვენი მიდგომა, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ თავისუფლება და დემოკრატია არასდროს არის საბოლოოდ მოპოვებული - მეც, თქვენც, ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის სჭირდება იყოს ფხიზლად იმისთვის, რომ დაიცვას თავისუფლების ღირებულება. ძალაუფლება, რომელიც არ კონტროლდება, ყოველთვის მიისწრაფვის ზედმეტი კონტროლისკენ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, მაღალი თანამდებობის პირები ღიად აფიქსირებენ კრიტიკის წინააღმდეგ მიუღებლობას და სურვილს, არ მოისმინონ განსხვავებული აზრი და კრიტიკა. "კრიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ ის ყოველთვის სამართლიანია, მაგრამ კრიტიკა გაძლევს შესაძლებლობას, არგუმენტებში საკუთარი სიმართლე აჩვენო. ჩვენ პოლიტიკოსები უნდა ვისმენდეთ კრიტიკას და არ უნდა ვიყოთ მზად, კრიტიკა გავაჩუმოთ. ამით ძალიან ცუდ სამსახურს ვუკეთებთ საკუთარ თავს", - აღნიშნა გიორგი მარგველშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."