რას პასუხობს გიორგი მარგველაშვილი ირაკლი კობახიძის ცნობილ მწვავე განცხადებას?

რას პასუხობს გიორგი მარგველაშვილი ირაკლი კობახიძის ცნობილ მწვავე განცხადებას?

თუ მე კარგ კომენტარს გავაკეთებ, ქვეყანას ერთი კონსტიტუცია ექნება, ხოლო თუ კომენტარი არასწორი გამოვა - მეორე კონსტიტუცია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა ”იმედის დროში” განაცხადა.

მარგველაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას ”ემოციური” უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იყო პირდაპირი პასუხი მის მიერ წინა დღეებში გაკეთებულ განცხადებაზე.

”წარმოგიდგენიათ კონსტიტუციის წერა ერთ რომელიმე პიროვნებაზე მორგებით?! ხომ არასწორია?! ეს სამწუხაროდ, ჩვენთან მომხდარა და არა ერთხელ! არამც თუ ერთ პიროვნებზე მორგებით, არამედ ერთი პიროვნების მიერ გაკეთებული კომენტარიდან გამომდინარე - ანუ თუ მე კარგ კომენტარს გავაკეთებ ერთი კონსტიტუცია იქნება, ხოლო თუ კომენტარი არასწორი გამოვა, ქვეყანას მეორე კონსტიტუცია ექნება. ესეც ალბათ არასწორია! შესაბამისად შევხედოთ, არა იმას, ვინ რა განცხადება გააკეთა, მარტივად ვთქვათ, რომ კონსტიტუცია არც ერთ პიროვნებაზე მორგებით არ იწერება და მით უფრო, არც ერთი პიროვნების განცხადების ტონიდან გამომდინარე არ იწერება! კონსტიტუცია იწერება საერთო თანხმობით. ამიტომ თავიდანვე ვამბობდი, რომ ირაკლი კობახიძე, გიორგი კვირიკაშვილი და მე ვყოფილიყავით საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარეები. მე ეს იმისთვის მინდოდა, რომ პროცესი რაც შეიძლება გახსნილი ყოფილიყო”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილი განმარტავს, როდესაც საუბარია კონსტიტუციის ფუნდამენტურ შეცვლაზე და მის ფუნდამენტურ გადახედვაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესის მონაწილე უნდა იყოს ხალხი - საქართველოს მოქალაქეები.

”ამიტომაც მინდოდა, ვყოფილიყავი ამ პროცესის ერთ-ერთი ორგანიზატორი, არა ჩემი პოზიციების დასაფიქსირებლად და არა იმისთვის, რომ ჩემი არჩევის უფლება დამეცვა. ჯერ არ გამიკეთებია განცხადება, ვაპირებ თუ არა მომავალში არჩევნებში მონაწილეობას და როცა ასეთი განცხადება არ გამიკეთებია, რა მორგებასა და რა ინტერესებზეა ლაპარაკი?! მე მინდოდა, რომ თუკი ფუნდამენტური გადასინჯვაა, მოდი, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, რაც არ მოხდა”, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ამ კონტექსტში ხაზგასმით განაცხადა, რომ მისთვის უცნობი და გაუგებარია, რა არის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების მოტივაცია.

”არსებობს სახლი, რომელშიც შესაძლებლია კედელია შესაღები, რემონტია გასაკეთებელი, მაგრამ არა - ეს დავანგრიოთ და ახალი ავაშენოთ. ვკითხულობ, თუ შენ ახალს აშენებ, ყველა ბინადარს არ უნდა ჰკითხო, თუ როგორს ააშენებ? მეორე, თუ შენ ახალს აშენებ, მითხარი რატომ აშენებ და რატომ ანგრევ არსებულს! ეს საზოგადოებას უნდა ჰკითხო”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."