გია ხუხაშვილი - ლტოლვილთა ცენტრის გახსნამ შესაძლოა ხელი შეუწყოს რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი არგუმენტირებულ აგრესიას - ჩვენ ფუფუნება არ გვაქვს, ასეთი განვითარება დავუშვათ

გია ხუხაშვილი - ლტოლვილთა ცენტრის გახსნამ შესაძლოა ხელი შეუწყოს რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი არგუმენტირებულ აგრესიას - ჩვენ ფუფუნება არ გვაქვს, ასეთი განვითარება დავუშვათ

ექსპერტი გია ხუხაშვილი ლტოლვილთა მიღების ცენტრების საქართველოში განთავსებაზე ევროკავშირსა და ქართულ მხარეს შორის კონკრეტული შეთანხმების არსებობას გამორიცხავს.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მხრიდან მსგავსი სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი, გია ხუხაშვილს არ ჰგონია, რომ შეიძლება კონკრეტულ შეთანხმებას ჰქონდეს ადგილი.

"საუბრის დროს ბევრი რამ ითქმევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი გარიგება შეიძლება შემდგარიყო, რადგან მსგავსი საკითხები, რაც პირდაპირ ბმაშია უსაფრთხოებასთან და საქართველო ამ შემთხვევაში ძალიან პრობლემური ადგილია ბევრი მიზეზის გამო ამ ტიპის, თუნდაც ჰუმანიტარული ოპერაციებისთვის, არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ასეთ შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. შეიძლება ეს სურვილი გამოთქმული იყო რაღაც პერსპექტივაში ასეთი საუბრების, მაგრამ კონკრეტულ შეთანხმებას გამოვრიცხავ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ზოგადად, ევროკავშირს ლტოლვილთა განთავსების პრობლემა აქვს და ცდილობს, რომ ამ პრობლემის რისკები სხვადასხვა ქვეყანაზე, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და არა მხოლოდ მათზე გადაანაწილოს.

"იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბოლო პერიოდში თურქეთთან განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობა და დღითიდღე ვითარება კიდევ უფრო მწვავდება, მათი მთავარი იმედები მიგრაციასთან დაკავშირებით თურქეთს ემყარებოდა, ბუნებრივია, ისინი ახლა ალტერნატივას ეძებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბევრი სპეციფიკური მომენტიდან გამომდინარე, ჩვენ ბევრი არგუმენტი გაქვს, თუ რატომ არ შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე ამის გაკეთება. დრამატული კურიოზია, როდესაც გუშინ რუსეთის განცხადება იყო, რომ რუსეთის ნაციონალურ ინტერესებში არ შედის საქართველოს ტერიტორიაზე ლტოლვილთა ბანაკების ჩამოყალიბება. ეს არის ისეთი უნიკალური შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაციონალური ინტერესები ემთხვევა რუსეთის მხრიდან გახმოვანებულ ნაციონალურ ინტერესებს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით, ასეთმა ქმედებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს რუსეთის მხრიდან არგუმენტირებულ აგრესიას საქართველოს მიმართ.

"ისედაც გვახსოვს, რომ რუსეთი ხმამაღლა საუბრობდა პანკისში ტეროტრისტულ ბუდეებზე და ა.შ. ასეთი ბანაკების საქართველოს ტერიტორიაზე არსებობამ, შესაძლოა რუსეთის ხელში კიდევ ერთი დამატებითი მაპროვოცირებელი არგუმენტი გააჩინოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმის ფუფუნება, რომ ასეთი განვითარება დავუშვათ, ნამდვილად არ გვაქვს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მოსაზრებით, ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას. ამის შესახებ სებასტიან კურცმა bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მისივე განმარტებით, ის პირები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ამ ცენტრებში იქნებიან მოთავსებული.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი საქართველოს 3 თებერვალს სტუმრობდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ვიზიტის დროს აღნიშნული საკითხი არ განხილულა და, შესაბამისად, უწყებისთვის უცნობია, რას უკავშირდება მინისტრ კურცის ეს მოსაზრება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."