რას ედავება მიხეილ სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს უკრაინის პროკურატურა - თემურ ნიშნიანიძე დაკითხვაზე დაიბარეს

რას ედავება მიხეილ სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს უკრაინის პროკურატურა - თემურ ნიშნიანიძე დაკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული უკრაინაში, ოდესის გუბერნატორის ყოფილი მრჩეველი თემურ ნიშნიანიძე, რომელიც ამჟამად საქველმოქმედო ფონდს На Благо Одессы ("ოდესის საკეთილდღეოდ") ხელმძღვანელობს, პროკურატურამ დღეს, 10 მარტს დაკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ იუწყება გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა".

პროკურატურის თანამშრომლებმა თეიმურაზ ნიშნიანიძეს განუცხადეს, რომ ის ეჭვმიტანილია სხვისი ქონების მითვისებაში, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით. პროკურატურაში ასევე განაცხადეს, რომ პეჩორსკის სასამართლოში ნიშნიანიძესთვის აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრებას მოითხოვენ.

2016 წლის 26 მაისს პროკურატურის გამომძიებლებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიევის სამმართველომ უკრაინაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის თეიმურაზ ნიშნიანიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. საგამოძიებო ღონისძიებები სისხლის სამართლის რამდენიმე საქმის წარმოების ფარგლებში ჩატარდა. მათ შორის, ერთ-ერთი საქმე გაიხსნა 2012-2013 წლებში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამდებობის პირებისთვის დღგ-ს არაკანონიერი ანაზღაურების გამო.

როგორც 2016 წლის 20 მარტს გახდა ცნობილი, თეიმურაზ ნიშნიანიძესთან მიმართებაში სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. გამოძიების მონაცემებით, 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით, ნიშნიანიძემ საქველმოქმედო ფონდის На Благо Одессы სახსრების გაფლანგვა მოახდინა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-თან" საუბრისას თეიმურაზ ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს:

"ღამის 2 საათზე საპატრულო პოლიციამ ვითომდა საგზაო წესების დარღვევისთვის შემაჩერა. როგორც კი გადმოვედი სპეცოპერაციის სტილში, უკრაინის უშიშროებამ და გენპროკურატურამ გადაკეტეს გზა და მითხრეს, რომ გენერალური კონსულობის პერიოდში, ჩემთვის უცნობ საქმეში, მედება ბრალი. ყოველგვარი მტკიცებულება ჩემთვის უცნობია. ეს იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის დავალება, რათა მოხდეს დისკრედიტაცია ჩემი და გუნდთან ვისთანაც მე ვასოცირდები. ვაპირებ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და არსად დამალვას არ ვაპირებ", - განაცხადა ნიშნიანიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."