გიორგი მარგველაშვილი - ჩემთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის საქმეზე იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს - მძიმეც

გიორგი მარგველაშვილი - ჩემთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის საქმეზე იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს - მძიმეც

ჩემთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის საქმეზე იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს - მძიმეც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" გადაცემაში "რეაქცია" სტუმრობისას განაცხადა.

კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა მას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რეაქცია იყო პირიქით- ჯერ მისი რეაქცია იყო და შემდეგ სტრასბურგის გადაწყვეტილება.

"მე სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე მომიხდა საგანგებო განცხადების გაკეთება, სადაც ძალიან ნათლად ვუთხარი საზოგადოებას, ყველა ჩართულ მხარეს, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი და რთული პროცესია, რომ მე გადაწყვეტილების მიუხედავად მხარეებს მოვუწოდებ, დალოდებოდნენ ერთი მხრივ, სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ხოლო მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე. რამდენიმე საათში იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება. იქიდან გამომდინარე, რომ მე ზუსტად ეს პოზიცია მქონდა, ჩემთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს, მძიმეც. მძიმე იმიტომ, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ არსებობს კითხვის ნიშნები საქართველოში ფუნდამენტური ღირებულების - აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს მძიმეა ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის და როგორც ადამიანისთვის. არა მარტო ის მადარდებს, რომ მედია იყოს თავისუფალი, ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მადარდებს ქვეყნის საგარეო იმიჯი. საბოლოო ჯამში, როდესაც ქვეყნის იმიჯზეა ლაპარაკი, როგორც დემოკრატიისა და კონსტიტუციურობის გარანტს, მომეკითხება პასუხი, რომ რა ვითარებაა. ამიტომ მძიმე იყო", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კითხვაზე, უსაყვედურა თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, გიორგი მარგველაშვილის თქმით, მას არანაირად აზრადაც არ მოსვლია ამის გაკეთება, "პირველ რიგში, იმიტომ, რომ ის პატივს სცემს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას".

"ნებისმიერი ჩემს მიერ წარდგენილი მოსამართლე ბუნებრივია არანაირად არ უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას ჩემთან, რომ მე რა მომეწონება პოლიტიკურად, ან არ მომეწონება. ისინი უნდა იყვნენ მარტო თავის სინდისთან პასუხისმგებლები. შესაბამისად, აზრადაც არ მომსვლია, რაიმე კონსულტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."