ე.წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში და საქართველოს საგარეო უწყების შეფასება

ე.წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში და საქართველოს საგარეო უწყების შეფასება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას.

შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს.

"ე.წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის რეგიონში ტარდება იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და ოკუპირებული ტერიტორიების ინტენსიური მილიტარიზაციის პარალელურად, აგრძელებს მათ ფაქტობრივ ანექსიას, რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ინტეგრაციის გზით. ამავდროულად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს წართმეული აქვთ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ადგილზე დარჩენილი მოსახლეობა კი იმყოფება მუდმივი ეთნიკური დისკრიმინაციის ქვეშ, უხეშად ირღვევა რა მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამ ფონზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე წვდომის შესაძლებლობა“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვნად შეაფასოს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."