ზურაბ პატარაძე - ბოლომდე შევისწავლით, თუ რა იყო მიზეზები, ვინ ედგა სათავეში ამ ყველაფერს და ვინ მოახდინა პროვოცირება

ზურაბ პატარაძე - ბოლომდე შევისწავლით, თუ რა იყო მიზეზები, ვინ ედგა სათავეში ამ ყველაფერს და ვინ მოახდინა პროვოცირება

"ბოლომდე შევისწავლით, თუ რა იყო მიზეზები, ვინ ედგა სათავეში ამ ყველაფერს და ვინ მოახდინა პროვოცირება" - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ წუხელ, ბათუმში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ზურაბ პატარაძე დილიდან მივიდა შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიასთან, სადაც მთელი ღამის განმავლობაში აქცია მიმდინარეობდა და ადგილზე გაეცნო სიტუაციას.

"სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, არ შეეგუება უსამართლობას, არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც გუშინ, სამწუხაროდ, ბათუმში განვითარდა. სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ გადაიყვანონ ეს სხვა სიბრტყეში. კადრებში ჩანდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, რომ ჩვენი შვილები ჩართული იყვნენ მსგავს აქციებში. ამასთან ერთად, ჩვენ უნდა დავაცადოთ სამართალდამცველ ორგანოებს, კვალიფიციურად, ხარისხიანად და დროულად ჩაატარონ გამოძიება და უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება დასკვნები. ბოლომდე შევისწავლით, თუ რა იყო მიზეზები, თუ ვინ ედგა სათავეში ამ ყველაფერს და ვინ მოახდინა პროვოცირება. პირველ რიგში, ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ყოვლად მიუღებელია პოლიტიკური ელფერი მიეცეს ამ თემას და გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიყენონ ეს საბაბად და ხალხის ბედით მოახდინონ მანიპულირება. გამოძიება აუცილებლად დაადგენს ყველაფერს და ჩვენ გვეცოდინება ზუსტი ინფორმაცია", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ამასთან, მთავრობის თავმჯდომარემ აქციაზე დაზარალებულები - სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში ციალა ქათამიძე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი მოინახულა.

"2 ადამიანი რჩება საავადმყოფოში. 32-მდე ადამიანი დაშავდა. აქ, კლინიკაში მოვედით და მოვინახულეთ ქალბატონი ციალა. ვუსურვებთ მას გამოჯანმრთელებას. უახლოეს პერიოდში იმედია, ის დატოვებს ამ კლინიკას",- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."