შს მინისტრი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს აჯამებს - "მიმდინარეობს ამ პირების იდენტიფიცირება"

შს მინისტრი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს აჯამებს - "მიმდინარეობს ამ პირების იდენტიფიცირება"

ამ წუთისთვის სიტუაცია სრულიად განეიტრალებულია და პოლიცია ვითარებას სრულად აკონტროლებს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა.

შს მინისტრის თქმით, სამართალდამცველები არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ არც ბათუმში და არც საქართველოს ნებისმიერ სხვა ქალაქში მსგავს ვანდალიზმს და პროტესტის გამოხატვის მსგავს ფორმებს.

"ვფიქრობ, გადაჭარბებული შეფასებებია მიცემული ამ ფაქტზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში. მათ არაფერი დაურღვევიათ. თუკი ვინმეს უფლება დაირღვა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოს და უწყებას. მაგრამ პროტესტის გამოხატვის ის ფორმა აბსოლუტურად მიუღებელია.

ამ წუთისთვის სიტუაცია სრულიად განეიტრალებულია და პოლიცია სიტუაციას სრულად აკონტროლებს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ არც ბათუმში და არც საქართველოს ნებისმიერ სხვა ქალაქში მსგავს ვანდალიზმს და პროტესტის გამოხატვის მსგავს ფორმებს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ კანონს არღვევდნენ, რატომ არ მოუწოდეს მომიტინგეებს, დაშლილიყვნენ, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ისინი არაერთხელ გააფრთხილეს, თუმცა მოწოდებას არ დაემორჩილნენ.

"თქვენ იცით, რომ მომიტინგეებს პრემიერ-მინისტრმაც მიმართა. რა თქმა უნდა, ჩვენც მივმართეთ, რომ დაშლილიყვნენ. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური შეღავათები გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოვლენები ასე არ განვითარებულიყო. მე დამიკავშირდა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი და მთხოვა დაკავებული პირების გათავისუფლება და მე ეს თხოვნა შევასრულე.

მიუხედავად ამისა მომიტინგეები არ წყვეტდნენ შტურმს პოლიციის შენობაზე და ჩვენ დილის 5 საათისკენ იძულებული გავხდით გადავსულიყავით ღონისძიებაზე.

მანამდე დაახლოებით 600 ადამიანამდე იყო შეკრებილი პოლიციის წინ. ჩვენ ოპერატიული ინფორმაცია გაგვაჩნდა, რომ იქ ძირითადად იმყოფებოდნენ ცნობისმოყვარე ადამიანები და ცნობისმოყვარეობამ მოიყვანა ბათუმელები პოლიციის შენობის მიმდებარედ. ხოლო ის, ვინც აპროტესტებდა, დაახლოებით 100-150 ადამიანი იყო", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შს მინისტრის თქმით, ბათუმში მომხდარი მოვლენების დროს სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე ზედმეტია საუბარი. მისივე განცხადებით, საუბარი უნდა იყოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხზე, ვინც ეს ყველაფერი მოაწყო.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უმკაცრესად დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობდა. მიმდინარეობს იდენტიფიცირება ამ პირების. თქვენ იცით, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება. ჯერჯერობით ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული 7 პიროვნება, რომელსაც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. დაკავებული 40 ადამიანიდან დანარჩენები გათავისუფლებული არიან ხელწერილით. მაგრამ მათ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მაინც გრძელდება და ისინი სასამართლოს წინაშე აუცილებლად წარდგებიან. ჩვენ გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა განმარტა, ბათუმში მიმდინარე პროცესებს თავდაპირველად მისი მოადგილე, ხოლო შემდეგ თავად აკვირდებოდა ადგილზე.

"გუშინ ეს მოვლენები შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად კატასტოფულად განვითარდა. არავინ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას. ჩემი პირველი მოადგილე ადგილზე იმყოფებოდა და აკვირდებოდა სიტუაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც უკვე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ მანიფესტაციის მონაწილეები და მომიტინგეები, მე პრემიერისგან მივიღე დავალება, ჩავსულიყავი ბათუმში და ადგილზე მე თვითონ მეხელმძღვანელა იმ ღონისძიებისთვის, რაც შემდგომ ჩატარდა.

მთელმა საქართველომ იხილა, თუ რა ხდებოდა ბათუმში, მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ ერთ ქუჩაზე, ბათუმის სამხარეო პოლიციის, ასე ვთქვათ დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდნენ მომიტინგეები", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, პოლიციამ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინა პროცესების მიმდინარეობისას. "პოლიციამ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინა და ბოლომდე ვეცადეთ, რომ განგვემუხტა სიტუაცია, მაგრამ როდესაც უკვე დავინახეთ, რომ შეუძლებელი იყო ეს და მომიტინგეები ზღვარს გადავიდნენ, ჩვენ ისღა დაგვრჩენოდა, რომ სამწუხაროდ გამოგვეყენებინა ცრემლსადენი გაზი.

პოლიციელებმა პროფესიონალურად იმოქმედეს და მიტინგი ისე დაიშალა, რომ მოქალაქეების მხრიდან დაზარალებული არავინაა, თუმცა პოლიციელების მხრიდან რამდენიმე დაშავებულია", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

რაც შეეხება კითხვას, გამკაცრებულია თუ არა ბათუმში ურჩი მძღოლების მიმართ საპატრულო ღონისძიებები, მინისტრმა განმარტა, რომ გამკაცრებული არ არის და პოლიციელები კანონის ფარგლებში მოქმედებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."