გია ხუხაშვილი ბათუმის მოვლენებზე...

გია ხუხაშვილი ბათუმის მოვლენებზე...

გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს ვიდეომასალის სახით, რათა მოახდინოს იდენტიფიცირება იმ პირების, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე ვერსიაზე შეიძლება საუბარი, „მათ შორის ხელისუფლების ვერსიაზე ”ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით“, თუმცა, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სიმართლის დასადგენად აუცილებელია კვალიფიციური გამოძიების ჩატარება.

”ეს იყო სოციალური აფექტის გამოვლინება შემდგომი პოლიტიკური შეფუთვით. ორ ეტაპიანი პროცესი განვითარდა ბათუმში. წმინდა სოციალური სახის კონფლიქტმა მიიღო შემდგომში შესაბამისი პოლიტიკური შეფუთვა. როდესაც ასეთი რამ ხდება, ყველა ძალა, დაინტერესებული მხარე ცდილობს მეორე ეტაპზე თავისთვის სასარგებლო მიმართულება მისცეს პროცესს. ვინ არის ეს დაინტერესებული ძალა, გამიჭირდება ამის თქმა. ვერსიები ბევრია და არ მინდა რომელიმე ვერსიაზე გავჩერდე. არ გამოვრიცხავ ხელისუფლების მიერ დასახელებულ ვერსიას, მაგრამ არის სხვა ვერსიებიც, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებსაც ჰქონოდათ გარკვეული ინტერესი ვითარების ტესტირების და მოდელირების. შესაძლოა, შიდაკლანური დაპირისპირებაც იყოს ან ხელისუფლებიდან ცოტა ხნის წინ დათხოვნილი ადამიანების შურისძიება და ვენდეტა იყოს - ყველაფერი შესაძლოა იყოს. გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს ვიდეომასალის სახით, რათა მოახდინოს იდენტიფიცირება ძირითადი მონაწილე პირების, რომლებიც განსაკუთრებით აგრესიით გამოირჩეოდნენ. ხელისუფლებამ ამაზე უნდა იფიქროს და არა იმაზე, რომ ყველაფერი დააბრალოს ”ნაციონალურ მოძრაობას”. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ სააკაშვილი კიევიდან მართავს ყველა პროცესს, მაშინ რას აკეთებს ხელისუფლება?”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ”ქართული ოცნების” ქვეყნის მართვის სტილი მასში უკვე შეშფოთებას იწვევს, რადგან ყველაფრის უკან ”ნაციონალურ მოძრაობას” ხედავს.

”ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ ეს მათი მხრიდან უფრო სიბრიყვე იყო, ვიდრე შეთქმულების თეორიის განვითარება, რაზეც ხელისუფლება საუბრობდა. ”ქართული ოცნების” ქვეყნის მართვის სტილი ჩემში უკვე შეშფოთებას იწვევს, რადგან ყველაფრის უკან ”ნაციონალურ მოძრაობას” ხედავს. ”ნაციონალური მოძრაობის” და მიშა სააკაშვილის პრიზმაში უყურებენ ქვეყანას და სამყაროს და არც უნდათ იმის გაგება, რომ ქვეყანაში გარდა ”ნაციონალური მოძრაობისა,” კიდევ ბევრი პრობლემაა. ნაცვლად იმისა, რომ ამ პრობლემებს მიხედონ, უნდათ რომ ყველაფერი იქით მიმართონ. ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის მართვის ასეთი დამოკიდებულება, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი მიშა სააკაშვილის ბრალია, ეს არის კონცეპტუალური სიმახინჯე. მათი ამოცანაა, რომ არა ქვეყანა მართონ, არამედ ყველაფერზე ”მიშა, მიშა” იძახონ”, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."