მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები? - კახი კალაძის პასუხი

მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები? - კახი კალაძის პასუხი

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ კალაძემ "თV პირველის" გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამთავრობო გუნდში რაიმე ცვლილება ამ ეტაპზე მოსალოდნელი არაა. "სიცრუეა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია. კატეგორიულად უარვყოფ ცვლილებებს. არავითარი სამთავრობო ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. თუ გიორგი კვირიკაშვილს რაიმე აქვს გადაწყვეტილი, შეგიძლიათ შესაბამისი კითხვა მას დაუსვათ და გაგცემთ პასუხს. სამთავრობო ცვლილებების თემის განხილვა გუნდში არ ყოფილა", - განაცხადა კალაძემ.

ვიცე-პრემიერმა ასევე განმარტა, თუ რატომ გააკეთა მან განცხადება ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრზე ადრე. "ჩემი განცხადება პირველი არ ყოფილა. ჩვენი დეპუტატები და გუნდის წარმომადგენლები აკეთებდნენ განცხადებებს. პრემიერის მეთაურობით შევიკრიბეთ გუნდი. ჩემი მხრიდან განცხადების გაკეთება იყო დავალება და ვფიქრობ ეს ნორმალურია, რადგან ვარ ქვეყნის ვიცე-პრემიერი. ამას მოჰყვა პრემიერ-მინისტრის განცხადება და შემდეგ უკვე შესაბამისი ღონისძიებები", - აღნიშნა კალაძემ.

ვიცე-პრემიერმა ასევე ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მოვლენების უკან "ნაციონალური მოძრაობის" კვალი პარტიის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებებით იკვეთება.

"არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარკვეული ჯგუფი ჩართული იყო ამ პროცესებში. ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს გვაძლევს ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების განცხადებები და ქმედებები, რომ სოლიდარობას უცხადებდნენ ამ ვანდალიზმს, ისმოდა მოწოდებები, რომ სხვადასხვა რეგიონში დაწყებულიყო გამოსვლები, რათა დაეფიქსირებინათ სოლიდარობა ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. საინტერესოა ერთი მიმართულება, რომელზეც გამოძიება მუშაობს. თუ არ ვცდები 70 ადამიანიდან, რომლებიც დაკავებულები არიან ამ მოვლენებიდან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი სხვადასხვა რაიონის მცხოვრებია. ესეც დამთხვევაა?! დიდი ეჭვია, რომ ეს იყო წინასწარ ორგანიზებული ", - განცხადა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."