ექსპერტები სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ინიციატივაზე: "ჯერ 3-ვარკვლავიანი გახადონ ქვეყანა და მერე გველაპარაკონ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე"

ექსპერტები სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ინიციატივაზე: "ჯერ 3-ვარკვლავიანი გახადონ ქვეყანა და მერე გველაპარაკონ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე"

ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული ქალაქის მშენებლობისთვის გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია.

"ერთი მხრივ, იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი საოფისე თუ სასტუმროსთვის სივრცე გამოთავისუფლდება, მეორე მხრივ კი, წახალისდება სამშენებლო სექტორი. მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება, სადაც არაერთი სამინისტრო განთავსდება. ორთაჭალის იმ უბანში პრაქტიკულად ყველა სამინისტრო მოიყრის თავს, ერთეული გამონაკლისის გარდა, რაც პრაქტიკულად უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის ფიზიკური მომსახურეობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას. მნიშვნელოვანი პროექტია და მე მივესალმები ამ პროექტის დაწყებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის ინიციატივას საზოგადოების ნაწილის კრიტიკული შეფასებები მოყვა. ექსპერტები სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ინიციატივას იწუნებენ და სხვადასხვა რისკებზე საუბრობენ.

ექსპერტ გია ხუხაშვილს ხელისუფლების ინიციატივამ მიხეილ სააკაშვილის ქმედებები გაახსენა:

"თეორიულად ინიციატივა თითქოს ცუდად არ გამოიყურება - ერთი შეხედვით კარგია, რომ მთავრობა კომპაქტურად იყოს განლაგებული და უკეთესად კოორდინებული, მაგრამ დროში და სივრცეში არიან დაკარგულები. დღეს, როდესაც ამდენი პრობლემაა ქვეყანაში, ასეთი ტიპის პროექტების დაწყება აბსოლუტურად არაადეკვატურია და შეუსაბამოა იმ სოციალურ რისკებთან, რაც ქვეყანაში არსებობს. ის არგუმენტი, თითქოს მშენებლობის სტიმულირებას მოახდენენ ამით, იმდენჯერ გვაქვს მოსმენილი მიშა სააკაშვილის დროს, რომ სირცხვილია. ნუ დაემსგავსებიან იმას, რასაც ჩვენ ვებრძოდით და რის გამოც მოვიყვანეთ ეს ადამიანები ხელისუფლებაში. ჯერ სამვარკვლავიანი გახადონ ქვეყანა, სადაც ადამიანებს საჭმლის ფული არ აქვთ და მერე გველაპარაკონ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებზე", - განუცხადა ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს".

ამასთან, ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ პროექტი ეკონომიკურად კარგად არ არის დათვლილი და უსაფრთხოების მხრივ პრობლემებსაც ქმნის.

"ის ამონაგები, რაც, არსებული ინფრასტრუქტურის რეალიზაციიდან თეორიულად შეიძლება მივიღოთ, რამდენად ადეკვატურია იმ თანხის, რაც ეს ქალაქი დაჯდება?! მე ვფიქრობ, ეს გათვლები არავის გაუკეთებია და მხოლოდ ზეპირი განცხადებები კეთდება. გარდა ამისა, სანამ ეს ქალაქი არ აშენდება, ბუნებრივია, ის შენობები ვერ დაიცლება და შესაბამისად, ხარჯები წინასწარ იქნება გასაწევი და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი კომპენსირება. მანამდე რა შეიძლება გახდეს ამ მშენებლობის წყარო? კიდევ დგება უსაფრთხოების საკითხი. მოგეხსენებათ, საქართველო საკმაოდ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობს და წარმოიდგინეთ დაიწყო პროტესტი, დადგეს კარვები. როგორ წარმოუდგენიათ მათ, როდესაც მთელი მთავრობა, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით ერთ წერტილში განლაგდება და ხომ არ მოხდება ისე, რომ ნებისმიერი პოლიტიკური მღელვარების შემთხვევაში მთლიანად მთავრობა პარალიზებული იქნება? უსაფრთხოების კუთხით, მე ვფიქრობ, არავის უფიქრია. რისკების დივერსიფიცირება ყოველთვის უკეთესია. როდესაც ყველა ერთად გროვდება, მთელი ხელისუფლება, უკმაყოფილო ხალხმა შეიძლება მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების პარალიზება მოახდინოს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. სამთავრობო ქალაქის აშენების იდეა სოციალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება. ამის შესახებ ცინცაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

"კვირიკაშვილმა თქვა იდეა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯერ არც გაანგარიშება არსებობს, არც ისაა დათვლილი რამდენი შენობა უნდა აშენდეს, არც ის, რომელი გაიყიდება. მთავრობის კანცელარიის მყიდველის პოვნა წარმოუდგენელია, ელენტარულად იქ რომ სასტუმრო აშენდეს, პარკინგის ადგილიც კი არ ექნება. როგორ შეიძლება იქ სასტუმრო გაკეთდეს? იდეას შემოაგდებენ, აღტკინებული მოქალაქეთა ჯგუფი "ფინთი არიფივით" ავარდება, იწყება თოქ-შოუები, მიდის საუბარი ვარგა-არ ვარგაზე და მთავარი თემიდან ყურადღება გადადის.

ნებისმიერი ხელისუფლება, სადაც განსაკუთარებით მწვავეა სოციალური პრობლემები, ცდილობს ხალხის ყურადღების გადატანას ნეიტრალურ პრობლემაზე. ეს ჩვეულებრივი საკითხია. ჟურნალისტები "წამოეგეთ ამ საკენკზე", ამ დროს კი ყურადღება გადატანილია იქიდან, რომ ყოველდღიურად იზრდება დახმარების მთხოვნელთა რაოდენობა. მე ვფიქრობ, ეს იდეა მოქალაქეთა სკეპტიციზმს ვერ გასცდება და ორი წლის შემდეგ მთავრობას ვინმე თუ შეახსენებს რატომ არ განახორციელეთო, მთავრობა იტყვის, გვინდოდა განხორციელება, მაგრამ მოსახლეობამ არ დაგვიჭირა მხარიო. გაზაფხული საქართველოში ჩვეულებრივ მშიერი თვეებია და სოციალური ფონიდან ყურადღების გადასატანად ეს იდეა გამოიყენეს. მე ასე მგონია", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები