გია ხუხაშვილი - "რუსთავი 2"-ში პოლიტიკური სტიგმის მოხსნის ოპერაცია მიმდინარეობს

გია ხუხაშვილი - "რუსთავი 2"-ში პოლიტიკური სტიგმის მოხსნის ოპერაცია მიმდინარეობს

ექსპერტი გია ხუხაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში განვითარებულ პროცესებს პოლიტიკური სტიგმის მოხსნის ოპერაციად აფასებს.

როგორც გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" თემაზე კომენტირებისას განუცხადა, ტელეკომპანიის მფლობელები, ძმები ლევან და გია ყარამანიშვილები "უდრის მიშა სააკაშვილს", რაც ექსპერტის მოსაზრებით, "რუსთავი 2"-ის კოლექტივისთვის როგორც ჩანს, უკვე საკმაოდ მძიმე ტვირთია და არის მცდელობა, რომ ისინი გათავისუფლდნენ.

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის მენეჯმენტის მხრიდან პოლიტიკური კომპონენტის გამორიცხვა. პოლიტიკური სტიგმის მოხსნის ოპერაცია მიმდინარეობს. მე არ მგონია, რომ აქ ფინანსებზე იყოს საუბარი, რადგან ტელევიზია არ არის მომგებიანი და ვერც გახდება მომგებიანი. უბრალოდ, ამ სტიგმის ქვეშ ცხოვრობს "რუსთავი 2" ძალიან ბევრი წლის განმავლობაში და არის მცდელობა, რომ აქედან გათავისუფლდნენ. ვფიქრობ, აქ ფრჩხილები ბოლომდე არ იხსნება. სხვა ტიპის პოლემიკის სახე აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ კონტექსტი ძალიან მარტივია. არსებობს რაღაც სტიგმა ანუ "ნაციონალური მოძრაობის" სული ტრიალებს, ყარამანიშვილები უდრის მიშა სააკაშვილს, რაც "რუსთავი 2"-ის კოლექტივისთვის, როგორც ჩანს, უკვე საკმაოდ მძიმე ტვირთია. არის მცდელობა, რომ აქედან გათავისუფლდნენ", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

მისივე მოსაზრებით, ძმები ყარამანიშვილების ტაქტიკური მონახაზი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარემ გაშიფრა და ისინი დაგებულ ხაფანგში თავის გაყოფას არ აპირებენ.

"ვფიქრობ, ყარამანიშვილები ტაქტიკურ თამაშს ეწევიან. ერთი მხრივ, ისინი ხვდებიან, რომ მათი მხრიდან შენარჩუნება შეუძლებელია, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც კოლექტივს ვერ აკონტროლებენ და უნდათ რაღაც მაინც გადაარჩინონ. გარდა ამისა, გადაბარების პროცესში მათ იმედი აქვთ, რომ კოლექტივის გარკვეულ ნაწილს თავის მხარეს გადაიყვანენ და ახალ ინტრიგას შექმნიან. ისინი ხვდებიან, რომ დღეს კოლექტივი არის ძალიან შეკრული და იმისთვის, რომ მათ რაღაც მაინც გადაარჩინონ და შეინარჩუნონ, მათ სჭირდებათ გარკვეული პროცესი, რომლის განმავლობაში შეძლებენ კოლექტივის გახლეჩას და გარკვეული ნაწილის მიმხრობას. თუ მათ ეს გამოუვათ, ამ შემთხვევაში, ე.წ. გვარამიას ჯგუფი დარჩება ისევ უმცირესობაში და ფაქტობრივად, ყარამანიშვილები პირდაპირ ან ირიბად შეინარჩუნებენ ტელევიზიაში კონტროლს. აქ საინტერესოა არა ის, რაც ფინალში მოხდება, არამედ თვითონ პროცესი და ჩვენ ამას ვუყურებთ კიდეც. ეს არის მათი ტაქტიკური მონახაზი, რომელიც როგორც ჩანს, გვარამიას მხარემ გაშიფრა და ისინი ამ დაგებულ ხაფანგში თავის გაყოფას არ აპირებენ. ამ პროცესს ვაკვირდებით დღეს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე მოსაზრებით, რაც უნდა მოხდეს, ყველა შემთხვევაში, ქართული საზოგადებისთვის ფინალი კარგი იქნება.

"კრიზისის ფინალში, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ვფიქრობ საზოგადოება მაინც მოგებული დარჩება, რადგან ჯობია წლების განმავლობაში ჩაბუდებული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ ამოვიდეს ზედაპირზე და ამა თუ იმ ფორმით გადაწყდეს. ყარამანიშვილების უკან მოიაზრება მიშა სააკაშვილის ინტერესები. ის, რომ აქ რაღაც გარიგებაა და ბიძინა ივანიშვილია ამაში ჩარეული, ეს ყველაფერი ჩემი აზრით, კლასიკური შეთქმულების თეორიაა. გამორციხვა, რა თქმა უნდა არ შეიძლება, მაგრამ მე ამაში ვერ ვხედავ ამ ეტაპზე ვერანაირ ლოგიკას, რომ ამაზე ვისაუბრო", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელებმა ლევან და გია ყარამანიშვილებმა არხის თანამშრომლებს წილების 40% შესთავაზეს. საპასუხოდ, კოლექტივმა საკონტროლო პაკეტი - 51% მოითხოვა, რასაც არხის მფლობელები დათანხმდნენ. საკონტროლო პაკეტის გადანაწილების საკითხზე ნიკა გვარამიასა და თანამრომლებს შორის გამართული შიდა თათბირის დეტალები, შაბათს "რუსთავი 2"-ის ეთერშიც გადაიცა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."