გელა ხვედელიძის ვარაუდით, მასზე თავდამსხმელები მოჭიდავეები არიან

გელა ხვედელიძის ვარაუდით, მასზე თავდამსხმელები მოჭიდავეები არიან

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე ვარაუდობს, რომ თავდამსხმელები მოჭიდავეები იყვნენ და ჩხუბის ხელოვნებას ფლობდნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჟურნალისტმა და ხვედელიძის მეგობარმა ელისო კილაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გელა ხვედელიძისთვის ადვილი გამოსაცნობი იყო, სპორტის რომელი სახეობის წარმომადგენლები არიან თავდამსხმელები.

"თავდამსხმელი იყო ორი და მან ეს დაადასტურა. როდესაც შეიძინა სიგარეტი და ბრუნდებოდა მანქანასთან, ერთ ხელში ეკავა მობილური ტელეფონი, რომლითაც მე მესაუბრებოდა, მეორე ხელით კი ხსნიდა სიგარეტს. უკანა მხრიდან მას ერთ-ერთმა შეუბოჭა ხელები, შემოეხვია ტანზე და ეგონა, რომ მისი ნათესავი ეხუმრებოდა. მეორე თავდამსხმელმა უკანა მხრიდან დაარტყა წიხლი, რის შედეგადაც ჩაიკეცა. მან დაიწყო თავდამსხმელის მოგერიება. როგორც მითხრა, ერთ თავდამსხმელს ფეხში ხელი წაავლო და მეორე ხელით ცდილობდა მეორის მოგერიებას. ეს წამებში ხდება, იქამდე სანამ მისი მეუღლე მივიდოდა დასახმარებლად. პარალელურად აგინებდა მათ. სწორედ ამ მომენტში გაიგონა ერთ-ერთი თავდამსხმელის ხმა - ნახე ეს ისევ გვაგინებსო. ამის შემდეგ გამოჩნდა მისი მეუღლე, რომელიც შეეცადა ერთ-ერთი თავდამსხმელისთვის ნიღაბი ჩამოეხსნა. ისინი გაიქცნენ ბარნოვის ქუჩის მიმართულებით და შეუხვიეს გუდაურის ქუჩაზე. იქაც არის კამერები და ვიცი, რომ პოლიციამ ყველა კამერის ჩანაწერი ამოიღო. ისინი იყვნენ კარგად ნავარჯიშები, რომლებმაც ჩხუბის ხელოვნება იცოდნენ. გელა ხვედელიძემ გამოთქვა ვერსია, რომ ისინი იყვნენ მოჭიდავეები. გარდა იმისა, რომ ის უშიშროების ორგანოებში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, ყოფილი ფეხბურთელია და მისთვის მარტივად გამოსაცნობი იყო, სპორტის რომელი სახეობის წარმომადგენლები იყვნენ. თავდამსხმელს ჰქონდა „კასტეტი", რითაც დაუზიანეს სახის ძვლები", - აღნიშნა კილაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, გელა ხვედელიძე პირად შურისძიებას გამორიცხავს.

"გუშინ ვესაუბრე გელა ხვედელიძეს. ჩვენ შევაჯერეთ ვერსიები. ის გამორიცხავს პირადი მტრობის გამო შურისძიებას, გამორიცხავს გიორგი ფარესაშვილის მხრიდან შურისძიებას. ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს გოგაშვილის (სუს-ის უფროსის მოადგილე) მხრიდან შურისძიებას. მან მითხრა, რომ გოგაშვილმა მუდმივად იცოდა მისი გადაადგილების მარშრუტი. ძალიან ხშირად მას მისდიოდა ინფორმაცია - გოგაშვილი ამბობდა სწორედ ამ ადგილზე, გზაჯვარედინზე გელა ხვედელიძე ხვდება ადამიანებს და მართავს იქ რაღაც კონსულტაციებსო", - აღნიშნა კილაძემ.

3 აპრილს, გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანები საკუთარ სახლთან დაესხნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 177-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს და საქმეზე დამატებითი დეტალები საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."