პრეზიდენტის მე-4 ანგარიში პარლამენტში - გიორგი მარგველაშვილის 45-წუთიანი მოხსენების ძირითადი აქცენტები

პრეზიდენტის მე-4 ანგარიში პარლამენტში - გიორგი მარგველაშვილის 45-წუთიანი მოხსენების ძირითადი აქცენტები

საქართველოს პარლამენტის წინაშე პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. ეს არის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გიორგი მარგველაშვილის რიგით მეოთხე ყოველწლიური ანგარიში, რომლითაც პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან კანონმდებლებსა და საქართველოს მოსახლეობას მიმართა.

გიორგი მარგველაშვილის მოხსენებას 99 დეპუტატი ისმენდა. პლენარულ სხდომას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუციების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

პრეზიდენტმა 45-წუთიანი მოხსენების დროს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა:

  • კრიმინალთან ბრძოლა
"რაც შეეხება კრიმინოგენულ ვითარებას, რაც ასევე აღელვებს საზოგადოებას: ადრეც მითქვამს, კრიმინალთან ეფექტური ბრძოლისთვის გადამწვეტია უწყებათაშორისი და ამავე დროს, საზოგადოების გამაერთიანებელი პროგრამები. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც ერთობლივად განხორციელდა რამდენიმე სახელმწიფო უწყების მიერ და რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ასეთი პროგრამების განხორციელებაში, გიდასტურებთ ჩემს მხარდჭერას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

  • ოკუპირებული ტერიტორიები
ქვეყნის პირველი პირის თქმით, თანამშრომლობისა და პარტნიორებთან აქტიური პოლიტიკის წარმატებული მაგალითია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ქართული სახელმწიფო და პარტნიორები წარმატებით ახორციელებენ.

"ამ წარმატების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით. ამიტომ, ისევე, როგორც არაღიარების პოლიტიკის შემთხვევაში, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების აქტიური ჩართულობით უნდა შეიქმნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანტიანექსიური პოლიტიკა და გადავდგათ შეთანხმებული ნაბიჯები ანექსიის თავიდან ასაცილებლად. ამავე დროს, არ შეიძლება დღესვე უმწვავესი რეაქცია არ გვქონდეს ახალი გამყოფი ხაზებისა და მავთულხლართების გავლების პოლიტიკაზე, გალის რაიონის სკოლებში ქართულენოვანი სწავლების შეზღუდვაზე, ადამიანების გატაცებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების ხელყოფის ფაქტებზე. ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თემებზე ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართა.

"მინდა მივმართო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს - ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბერლინის კედელი დაინგრეოდა და გაერთიანებული გერმანიის ლიდერი, აღმოსავლეთ გერმანიის მკვიდრი გახდებოდა. იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც საქართველო ხელოვნურად აღმართულ კედლებს დაანგრევს და ერთიანი საქართველოს ლიდერი, კედლის მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქე გახდება. დადგება დრო, როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან გახლეჩილი საზოგადოება გაერთიანდება, როდესაც ქართველები, აფხაზები, ოსები შევძლებთ ვიპოვოთ ის გამაერთიანებელი, რომლითაც დევნილები უსაფრთხოდ უკან დაბრუნდებიან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

  • ეკონომიკური მდგომარეობა
"სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა - სწორედ ეს არის ის პრობლემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას და რაც ყოველგვარი კვლევის გარეშე თვალსაჩინოა. დღეს იმედიანად აღვნიშნავთ, რომ წლის დასაწყისიდან - იანვარ-თებერვლიდან თვისობრივად გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ტენდენცია მთავრობისა და პარლამენტის, ეროვნული ბანკისა და სხვა აქტორების აქტიური ჩართულობით მომავლშიც შენარჩუნდება. თუმცა ეკონომიკის, ან ინვესტიციების ზრდა არაფრისმთქმელ სტატისტიკურ მონაცემად დარჩება, თუ არ მოხდება ისედაც მწირი დოვლათის ეფექტური გადანაწილება, სამუშაო ადგილების შექმნა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ინვესტიციების ზრდის პირდაპირპროპორციულად არ იქმნება სამუშაო ადგილები.

პრეზიდენტის განცხადებით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ინვესტორებს უცხოელი მუშახელი ჩამოჰყავთ, ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობის გამო. ამასთან, პრეზიდენტმა პარლამენტს შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების შექმნისაკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის თქმით, ბოლო ხანს შესამჩნევია ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციაც, რაც, მათ შორის, მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმატებული ერთობლივი მუშაობის შედეგია.

"თუმცა, აქვე გვერდს ვერ ავუვლით მაღალ ინფლაციურ ფონს, რაც უმძიმესი ტვირთია მოსახლეობისთვის და კერძო სექტორიც ორმაგი წნეხის ქვეშაა. რადგან, ერთი მხრივ ძვირდება წარმოება და მეორე მხრივ, იკლებს პროდუქტის რეალიზაცია. ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ეკონომიკა, მეწარმეობა, სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველია. შესაბამისად, მეწარმეებისთვის პირობების შექმნა, ხელისუფლების არა კეთილი ნება, არამედ საღი აზრის გამოვლინებაა. ხელისუფლება ბიზნესთან კონსულტაციებს, თანამშრომლობას, ხელის შეწყობას უნდა აღიქვამდეს, არა როგორც პრეროგატივას, არამედ ვალდებულებას. მეტიც - უნდა აღიქვამდეს თავისივე ფუნქციონირების წინაპირობად და თუ ჩვენ ეს ჭეშმარიტება კარგად გვესმის, მაშინ ეკონომიკური რეფორმების შემუშავება და დანერგვა, ბიზნესთან კონსულტაციებით უნდა მიმდინარეობდეს. არ უნდა ხდებოდეს. მაშინ, სამუშაო ადგილების შემქმნელი სექტორის მხარდაჭერა, სახელმწიფოს სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს. მაშინ, უნდა ამუშავდეს კერძო არბიტრაჟი, როგორც ბიზნესდავების განხილვის, ეფექტური და ალტერნატიული საშუალება. მაშინ კერძო და სახელმწიფო სექტორი ერთიანი ძალისხმევით უნდა მოქმედებდეს. კერძოდ კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ბიზნესის დაჯარიმების გზით არა მის შესუსტებაზე, არამედ ბიზნესთან პარტნიორობასა და მეწარმეების მხრიდან დარღვევების თავიდან აცილებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. მოუსმინოთ მათ, ვინც ქმნის ქვეყნის დოვლათს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, გასაგრძელებელი და გასაღრმავებელია ის პოზიტიური პროექტები, რომელიც საქართველოს მთავრობის აქტიური ძალისხმევით განხორციელდა - "აწარმოე საქართველოში", "Start Up საქართველო", "დანერგე მომავალი" და სხვა. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მსხვილი ინსფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მომავალში ქვეყნის სატრანზიტო, ლოჯისტიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.

  • ეროვნული უსაფრთხოება
"დაცული მოქალაქე, დაცული საზოგადოება, დაცული სახელმწიფო - არის სახელმწიფოს უსაფრთხოების ქვაკუთხედი. სახელმწიფოს უსაფრთხოება იწყება იმ განცდიდან, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, როგორც ტერიტორიის, ისე მისი ღირებულებებისა და ინტერესების, ცხოვრების წესის ირგვლივ. სწორედ ეს თანხმობა აყალიბებს უნარს, შევეწინააღმდეგოთ დამპყრობელს.

თანამედროვე გამოწვევების, საფრთხეების და ასევე რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და მთლიანად საზოგადოება ქვეყნის უსაფრთხოების ერთიან ხედვაზე შევთანხმდეთ. სწორედ ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი მიდგომის ჩამოსაყალიბებელად დავავალე ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს დაეწყო საჯარო დისკუსიები.

ამ დისკუსიის შედეგად ჩვენ შევთანხმდებით ეროვნული უსაფრთხოების ერთიან მიდგომაზე, რომლის განხორციელება სახელმწიფოს, შეიარაღებულ ძალებს და საზოგადოებას, ერთიან თავდაცვით სისტემად აქცევს.

ეროვნული უშიშროების საბჭო არის ის კონსტიტუციური ორგანო, სადაც განვიხილავ საბჭოს აპარატის მიერ შესრულებულ დავალებას და საბჭოს წევრებთან ერთად ვითათბირებ ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ. პარალელურად, უნდა განახლდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, შემუშავდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და დაიხვეწოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • საგარეო პოლიტიკა
"ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება რა თქმა უნდა, მარტივი არ არის. მათი გადაწყვეტა გადაჯაჭვულია ევროპული ინტეგრაციის პროცესთან. ამ მხრივ კი, ჩვენ ნამდვილად წინ გადავდგით ნაბიჯები. გასული წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, ძალაში შევიდა შენგენის ზონაში უვიზო მოკლევადიანი მიმოსვლის რეჟიმი. მაგრამ ჩვენ მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. საქართველოს დეკლარირებული და საბოლოო მიზანი ევროპულ სახელმწიფოთა ისტორიულ ოჯახში დაბრუნებაა. იგივეს ადგენს, გასული წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ. მივესალმები რეზოლუციის სულისკვეთებასა და მიზნებს. ამიტომ, უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად. ამისათვის საჭიროა დემოკრატიის გაძლიერება, ინსტიტუტების მდგრადობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, კანონის უზენაესობა, ეკონომიკის განვითარებადა რეალურად მოქმედი ევროპული სამართლებრივი სისტემის შექმნა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ ამოცანად რჩება ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანის გაფართოება და ამ მიმართულებით ახალ პროექტებში მეტი სახელმწიფოს ჩართვა, რაც საქართველოს უსაფრთხოების და კეთილდღეობის გარანტიაა.

მარგველაშვილის განცხადებით, თეთრი სახლის ახალი ადმინისტაციის პირობებში, უმნიშვნელოვანესია ქართული პრობლემატიკის კიდევ უფრო გააქტიურება და ვაშინგტონის რადარებზე აქტიური ასახვა.

"საგარეო პოლიტიკის მიზანია უზრუნველვყოთ მეგობარ ქვეყანათა მეტი ჩართულობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბალტიის, სკანდინავიის, ვიშეგრადის ჯგუფისა და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობის სხვა ფორმატები. დღეს, თეთრი სახლის ახალი ადმინისტაციის პირობებში, უმნიშვნელოვანესია ქართული პრობლემატიკის კიდევ უფრო გააქტიურება და ვაშინგტონის რადარებზე აქტიური ასახვა. თანამშრომლობისა და პარტნიორებთან აქტიური პოლიტიკის წარმატებული მაგალითია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ქართული სახელმწიფო და პარტნიორები წარმატებით ვახორციელებთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

  • პრეზიდენტის არჩევის წესზე
"სულ ახლახანს მე დავიწყე კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების ფართო ფენები აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციური ღირებულებების განხილვასა და თანხმობის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაში. იმედი მაქვს, რომ ასეთი დისკუსიები უფრო გააერთიანებს ჩვენს საზოგადოებას, ხალხის ხმა კი, უფრო გასაგები გახდება. ამ შეხვედრებზე ცხადად ჩანს, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს ბევრი საინტერესო მოსაზრება ქვეყნის მოწყობის ძირითად პრინციპთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო კომისიის წევრებს მოგახსენებთ, რომ ხალხს უნდა მეტი დემოკრატია; თვითმმართველობის არა შესუსტება, არამედ გაძლიერება; განათლების ხელმისაწვდომობა, საყოველთაოობა, მეტი არჩევითი თანამდებობა და ამ თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების გაზრდა, საზოგადოების მხრიდან კონტროლის მექანიზმების გაძლიერება; საზოგადოებას სურს მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და კატეგორიული ასახვა კონსტიტუციაში იმ სოციალური დაცვის შესაძლებლობების, რომელიც ეხება მათთვის მტკივნეულ საკითხებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის არჩევის უფლება.

"პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი ან ყოფილი პრემიერის სურვილზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე და რეალურად დაბალანსებულ კონსტიტუციაზე. გუშინ საზოგადოებასთან შეხვედრისას ნათლად დაფიქსირდა ქუთაისის მოსახლეობსი სურვილი, რომ პარლამენტი დარჩეს ქუთაისში და ცხარე კამათის მიუხედავად მე მათ დავპირდი, რომ მათ სურვილს დავაფიქსირებდი დღეს აქ. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ეროვნული ერთიანობის განცდა, თანადგომა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობა. ამიტომ მოვუსმინოთ ხალხს და თუ მოვუსმენთ, მაშინ ცხადი გახდება, რომ მოქალაქეთა რეალური და მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება, რომ ჯერ კიდევ ვერ ავაშენეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც არც ერთი ადამიანი არ იცხოვრებს ქუჩაში, ქუჩაში არ იცხოვრებენ და იმუშავებენ მცირეწლოვანები, სადაც ათობით ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში არ იქნება, სადაც მოხუცებს არ ექნებათ უმწეობის განცდა, სადაც არავის შია და არავის სცივა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ხილეთ ვიდეო: "პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი ან ხვალინდელი პრეზიდენტის სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული" - მარგველაშვილი

  • საპარლამენტო უმრავლესობაზე
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას და პარლამენტს დიალოგისკენ და ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში, მისასალმებელია გადაწყვეტილება დებატების გამართვის თაობაზე.

"გასული წლის ნოემბერში ახალ პარლამენტს მივმართე. მაშინ მოგახსენეთ, რომ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა აჩენდა ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს, მაგრამ ამავდროულად აჩენდა თამამი რეფორმებისა და ინიციატივების შესაძლებლობებსაც. რა მივიღეთ რეალურად ხუთი თვის თავზე? სავარაუდო საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად, ხოლო რეფორმების დინამიკა მაინცდამაინც არ არის შთამბეჭდავი. სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, პრაქტიკულად, უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში. ამ ფონზე მივესალმები დღევანდელ გადაწყვეტილებას, პარლამენტში ჩატარდეს დებატები.

მე არაერთხელ მითქვამს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის სამსახურში ვარ და ყველა ამომრჩევლის პრეზიდენტი ვარ. ზუსტად ასევე - თქვენც, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველას მინისტრები და მთლიანად საქართველოს პარლამენტი ხართ. მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას, რადგან მჯერა, რომ ყველაზე მაღალი ამბიცია, რაც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს, ეს ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანებაა. ამიტომ, არაერთხელ მოგიწოდეთ და დღესაც მოგიწოდებთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტი პარტიებს - "მოძებნეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები"

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ 2-საათიანი შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც დებატების ფორმატში, დეპუტატების გამოსვლები დაიწყება.

მომზადებული "ინტერპრესნიუსი"-ის მასალებით

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."