აკაკი ბობოხიძე პრეზიდენტს - თუ გამოიჩენთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და პოლიტიკურ ფხას, გაქვთ შესაძლებლობა იმოქმედოთ ქართველი ხალხის სახელით

აკაკი ბობოხიძე პრეზიდენტს - თუ გამოიჩენთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და პოლიტიკურ ფხას, გაქვთ შესაძლებლობა იმოქმედოთ ქართველი ხალხის სახელით

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ გაქვთ მნიშვნელოვანი ბერკეტი, ქართველი ხალხის მიერ თქვენთვის მოცემული ნდობის მანდატი - თუ თქვენ გამოიჩენთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და პოლიტიკურ ფხას, გაქვთ გაცილებით მეტი შესაძლებლობა, იმოქმედოთ არა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მანდატში, არამედ ქართველი ხალხის სახელით, - ამ განცხადებით პრეზიდენტ მარგველაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების” წევრმა აკაკი ბობოხიძემ მიმართა.

ბობოხიძის შეფასებით, დღევანდელ ხელისუფლებასთან დაზავება და მისთვის მშვიდად ყურება, ქვეყნისთვის დამღუპველია.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა, რომ მათი პოლიტიკური წონა და პოლიტიკური საქმიანობა მთლიანად ”იმ ერთ კაცზე და მის სურვილებზეა დამოუკიდებული”.

”ამ რამდენიმე ხნის წინ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს პრეზიდენტ მარგველაშვილის არჩევის გამო ბოდიში უნდა მოუხადონ. მინდა დავამშვიდო ბატონი გედი - ეს არის ერთადერთი რამ, როცა შეცდომა თქვენდაუნებურად მოგივიდათ და რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი არ არის. ეს ის თემაა, სადაც თქვენ ბოდიში ნაკლებად გაქვთ მოსახდელი, მაგრამ თავად დამოკიდებულება, რომ მარგველაშვილის გამო ქვეყანას ბოდიში უნდა მოუხადოთ, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს თქვენს ღირებულებით სისტემაზე მეტყველებს. თქვენი ლოგიკით, რატომ არის პრეზიდენტ მარგველაშვილის გამო ბოდიში მოსახდელი? რატომ არის პრეზიდენტი მარგველაშვილი გუნდის მოღალატე? - მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო. დავესასხები იმ ბრძენ კაცს, რომელმაც ბრძანა, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხასიათი გამოავლინა - არ ემსახურება და არ გახდა ერთი კაცის ყურმოჭრილი მონა. თქვენი პრიორიტეტები ძალიან კარგად ჩანს - თქვენთვის ერთი კაცის მსახურებაა მთავარი. ამით კარგად ჩანს, რა როლს აკისრებს უმრავლესობა საკუთარ თავს”, - მიმართა ბობოხიძემ ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს.

მისივე თქმით, ამ ფონზე ყველაზე მეტად გასაკვირი ქართველი ხალხის დამოკიდებულებაა. როგორც ბობოხიძე აცხადებს, ერთადერთი ვისაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების დასრულება შეუძლია, ქართველი ხალხია.

”მახსოვს, როგორ გვექცეოდა ხალხი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საკითხებზე. მახსოვს, როდესაც მცირედით, თუნდაც 20-ლარით გავზრდიდით პენსიას, გაბრაზებული ხალხი უფრო მეტს ითხოვდა. გამოვიდა პრემიერი და განაცხადა, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში პენსიების არ გაიზრდება. ამაზე ქართველი ხალხის დამოკიდებულება არის ნულოვანი. მახსოვს, როგორც გვებრძოდა ოპოზიცია ”ასავალ-დასავალის” ჭორებით. აქ ვხედავ ადამიანის უფლებათა ყოფილ დამცველებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს რესტორან-რესტორან დასდევდნენ და ბრაზობდნენ, პრეზიდენტის გავლის დროს გზა რატომ იკეტებოდა. დღეს გზა კი არა, რკინიგზა იკეტება ერთი კაცის ხუშტურის გამო. მაჩვენეთ ერთი რომელიმე მოქალაქე, რომლის გამოც რკინიგზა და ცენტრალური მაგისტრალები გადაიკეტება. სამწუხაროდ, ეს ქვეყანა თქვენი მორჩილების გამო, ერთი კაცის საკუთრებად იქცა და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა იკისროთ”, - განაცხადა ბობოხიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."