სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტს - თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით, ნელ-ნელა საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებლად იქეცით

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტს - თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით, ნელ-ნელა საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებლად იქეცით

სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით, - ამ განცხადებით პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი მარგველაშვილს უფრაქციო დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.

ზურაბიშვილი დღეს პრეზიდენტის მწვავე კრიტიკით გამოვიდა. გიორგი მარგველაშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს კი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ტაშით გამოეხმაურნენ.

”ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ძლიერი ლეგიტიმაციის მატარებელია. ამით ის იმსახურებს სხვა ხარისხის ნდობას, ვიდრე უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტი. შესაძლებლობა ეძლევა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ითამაშოს შემწყნარებლის, გამაერთიანებლის როლი და გახდეს სახელმწიფოს ერთიანობის, უწყვეტელობის, სუვერენიტეტის სიმბოლო. პატარა ქვეყნისთვის არც თუ უმნიშვნელოა, რომ საგარეო სფეროში პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, საშუალება გვქონდეს, რომ ასპარაზზე, პრეზიდენტის დონეზე, ძლიერი მოთამაშე გამოვიყვანოთ და ამით გავზარდოთ ჩვენი ცნობადობა, საზღვარგარეთ აქტიურობა და ეფექტურობა. პრეზიდენტის სიმბოლო - ქვეყანაში, რომელსაც მონარქიის ათასწლოვანი ტრადიცია გააჩნია, ალბათ ბევრთათვის გულთანაც ახლოს არის და შესაძლოა მომავლის ნიშანიც კია... სამწუხაროდ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ამ სიმბოლოს, არ თუ ვერ გაუფრთხილით ისე, როგორც ეს სასურველი იქნებოდა. სამწუხაროდ, ის მრავალთავიანი საგარეო წარმომადგენლობა მსოფლიო მოედანზე სამარცხვინო შეჯიბრად და ქიშპობის საგნად გადააქციეთ. გაერთიანებისა და მიუკერძოებლობის სიმბოლოს მაგივრად, ნელ-ნელა საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებლად იქეცით. დღესაც ვნახავთ თქვენსა და ერთი ფლანგის პოზიციას შორის დიდ მსგავსებას. სახელმწიფო მოღვაწეობიდან პოლიტიკურ არენაში გადახვედით! სამწუხაროდ, თქვენ როცა პირველივე დღესვე შეირგეთ ამ ადგილზე თქვენი დანიშვნა, თქვენვე კითხვის ქვეშ დააყენეთ პრეზიდენტის არჩევითობის პრინციპი. სამწუხაროდ, როცა შეწყალების დროს თქვენი ახლობლების მიმართ უფრო მეტ ლმობიერებას იჩენთ, ვიდრე უპატრონო მოქალაქეების მიმართ, თქვენ თქვენს მორალურ ავტორიტეტს აქვეითებთ. სამწუხაროდ, ვეტოთი ხმალაობთ, იმის მაგივრად, რომ ეს ბერკეტი უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოთ, როცა ნამდვილად დემოკრატიული ან სახელმწიფოებრივი პრინციპი ირღვევა ან საფრთხის ქვეშ დგება. იმის მაგივრად, რომ საზოგადოება მიგეჩვიათ ჯანმრთელ დისკუსიას, აზრთა სხვადასხვაობას და ურთიერთპატივისცემას (თუმცა ეს მხოლოდ თქვენზე დამოკიდებული არ არის), ამის ნაცვლად, დაპირისპირების და დაძაბვის მაგალითს აძლევთ, რითაც გამაერთიანებლის როლს აკნინებთ. სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით და დღემდე ველოდები თქვენს მიერ გამოთქმულ პოზიციას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიმართ - მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ძალიან ადვილად შეეგუეთ!”, - მიმართა მარგველაშვილს სალომე ზურაბიშვილმა.

მან პრეზიდენტის მისამართით კრიტიკა იმის გამოც გამოხატა, რომ ”საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ახალი სიტყვა ვერ მოისმინა”.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."