"თურქეთი ხდება ავტორიტარული სახელმწიფო და ეს საგანგაშოა" - ქართველი ექსპერტების შეფასებები

"თურქეთი ხდება ავტორიტარული სახელმწიფო და ეს საგანგაშოა" - ქართველი ექსპერტების შეფასებები

თურქეთი ხდება ავტორიტარული სახელმწიფო ანუ უარს ამბობს ლიბერალურ მოდელზე და ეს არის საგანგაშო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შეფასებისას განუცხადა.

კახა გოგოლაშვილის განცხადებით, რეფერენდუმის შედეგებზე რეაქციები დასავლეთში და თურქეთშიც არის საკმაოდ მკვეთრი.

მისი განმარტებით, შედეგები საქართველოსთვისაც არ არის კარგი, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთთან ურთიერთობა განისაზღვრება არა მხოლოდ როგორც მეზობელთან ურთიერთობით, არამედ საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებების კუთხით.

"როგორც ჩანს, ჯერჯერობით, თურქეთის ნატო-ში ყოფნას არაფერი ემუქრება იმიტომ, რომ როგორც დასავლეთში ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, თურქეთი მაშინაც კი იყო ნატო-ს წევრი, როდესაც კიდევ უფრო ნაკლებად დემოკრატიულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მეორე მხრივ, თურქეთი ალბათ, გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას ნატო-ში გასაწევრიანებლად თუ, რა თქმა უნდა, არ გაგვიფუჭდა ურთიერთობები.

ყოველთვის სარისკოა ურთიერთობა ავტორიტარულ სახელმწიფოსთან, რომელსაც შეუძლია, თავისი ავტორიტარიზმი გადაიტანოს საგარეო ურთიერთობებში და შეეცადოს, საქართველოს უკარნახოს, განუსაზღვროს შიდა ან გარე პოლიტიკური საკითხები. მაგალითად, ვხედავთ მეზობელი რუსეთი, ავტორიტარული სახელმწიფო როგორ ერევა ჩვენს შიდა საქმეებში და როგორ ავიწროებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ შემთხვევაშიც თურქეთის დემოკრატიული გზიდან სერიოზულად გადახვევის ნიშნები არსებობს იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ძალიან დიდ ძალაუფლებას აძლევს პრეზიდენტს. მას შეუძლია დაშალოს პარლამენტი, მაშინ როცა პარლამენტს არ შეუძლია პრეზიდენტის იმპიჩმენტი. პრაქტიკულად, ერთმმართველი ხდება. გარდა ამისა, ოპოზიციური აზრის მქონე ადამიანები ძალიან შეავიწროვეს - ზოგი დააპატიმრეს და ზოგიც გაიქცა ქვეყნიდან. ასპარეზი გახსნილი აქვს ავტორიტარიზმს თურქეთში და ეს, რა თქმა უნდა, სახიფათოა", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ, რეფერენდუმის შედეგებს, კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ერდოღანმა რეფერენდუმი ძალიან მცირე პროცენტით მოიგო და ისიც "რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური წნეხით".

"რეგიონებში ძალიან დიდია ფსიქოლოგიური ზეწოლა. "პუტჩის" შემდეგ, რაც "ეშმაკებზე ნადირობა" გამოცხადდა, წნეხი ადგება მოსახლეობას. დიდ ქალაქებში უფრო მეტია განათლების დონე, დემოკრატიზაციისკენ მისწრაფება და უფრო ადვილია აზრის გამოხატვაც. ეს თურქეთის დიდ ქალაქებში დაფიქსირებული შედეგებითაც ჩანს. ფაქტი, რომ ერდორანმა ძალიან მცირე პროცენტით მოიგო რეფერენდუმი, იმის იმედს იძლევა, რომ თურქეთში დემოკრატიული ძალები არსებობს და შესაძლებელია მათი გაძლიერება", - განაცხადა ექსპერტმა.

რეფერენდუმის შედეგებზე "ინტერპრესნიუსთან" კომენტარი გააკეთა ექსპერტმა მამუკა არეშიძემაც.

"თურქეთის საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოსთვის პირდაპირი ხიფათის შემცველი არ არის, მაგრამ აღნიშნული თურქეთის ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, განახორციელოს პანოსმალისტური პოლიტიკა", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მამუკა არეშიძის განმარტებით, პანოსმალისტური იდეოლოგია გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის გავლენის აღდგენას ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორიცაა სირია და ერაყი, ასევე ბალკანეთისა და კავკასიის რეგიონები.

"ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომელი პოლიტიკური იდეოლოგიის წარმომადგენელია მმართველი ძალა თურქეთში. ამ პოლიტიკურ იდეოლოგიას ჰქვია პანოსმალიზმი. თუ ადრე არსებობდა იდეოლოგია პანთურქიზმი, რომლის ერთ-ერთი მამამთავარი ქემალ ათა-თურქი იყო, ერდოღანის მმართველობის მეორე ნახევარში, დაახლოებით, 2000 წლებიდან ეს შეიცვალა პანოსმალისტური იდეოლოგიით, რაც გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის გავლენის აღდგენას იმ სივრცეში, რომელშიც იყო. იგულისხმება ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა სირია, ერაყი, ბალკანეთის და კავკასიის რეგიონები და სხვა. ეს გავლენა არ გულისხმობს, მხოლოდ სამხედრო ძალების გამოყენებას, ეს გულისხმობს ჯერ ეკონომიკური და ჰუმანიტარული, შემდეგ კი პოლიტიკური გავლენების გაძლიერებას. ჩვენ ამას ვხედავთ ჩვენს ყოველდღიურობაში თურქეთის ქმედების მიხედვით, იგივე ერაყსა და სირიაში, ასევე თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზეც აქვს გარკვეული მიდგომები, განსაკუთრებით აჭარაში", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, რეფერენდუმის შედეგები არ არის საერთო თურქული საზოგადოების განწყობა.

"საკონსტიტუციო ცვლილებები ორიენტირებულია ერდოღანის ხელისუფლებაში დარჩენაზე. ასეთი რამ სამწუხაროდ, ხდება ხოლმე ზოგიერთ ქვეყანაში - რუსეთშიც იგივე მოხდა თავის დროზე. ეს ყოველთვის ინიღბება ხოლმე მაღალფარდოვანი ფრაზებით - ერსა და სახელმწიფოზე ზრუნვის მოტივით, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი.

მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმმა გამარჯვება მოუტანა ერდოღანს, მაინც არ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საერთო თურქული საზოგადოების განწყობის გამოხატვა იმიტომ, რომ ძალიან დაბალი პროცენტით მოიგო, მითუმეტეს, წააგო ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის, სტამბულსა და ანკარაში. პრაქტიკულად მოიგო რეგიონების ხარჯზე, საუბრობენ ასევე გაყალბებასა და სამხედროების მანიპულაციების საკითხზე, მაგრამ ეს არ ცვლის შედეგს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."