ევროკავშირი - საქართველო ევროსაბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა დარჩეს

ევროკავშირი - საქართველო ევროსაბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა დარჩეს

ევროკავშირი მიესალმება "საქართველოში კონფლიქტის შესახებ" გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიშის გამოქვეყნებას და მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტის საკითხი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მომავალშიც უნდა შენარჩუნდეს, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელის ქართულ თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების მნიშვნელობა და ის როლი, რომელსაც ამ პროცესში ევროპის საბჭო, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან ერთად ასრულებს, რაც "უნიკალურ შესაძლებლობას ქნის კონფლიქტის შედეგად გახლეჩილი საზოგადოების წევრთა გასაერთიანებლად". ამ კონტექსტში ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებსა და კონსტრუქციულ მიდგომებს, ასევე "იმ პროგრესს, რომელსაც საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის მიმართულებით მიაღწია".

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი კვლავ მხარს დაუჭერს კონფლიქტის რეგიონებში ნდობის აღდგენის, თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ღონისძიებებს, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

გარდა ამისა, ევროკავშირი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, კერძოდ ე.წ. შეთანხმებებს ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონების უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

"ეს აფერხებს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების ძალისხმევას, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება როგორც საეთაშორისო სამართლის პრინციპებს, ისე რუსეთის მიერ ევროსაბჭოს ფარგლებში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი არ აღიარებს 12 მარტს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და ე.წ. რეფერენდუმს, რომელიც რეგიონის სახელის შეცვლას ისახავს მიზნად. ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ყველა იმ დაბრკოლების აღმოფხვრისკენ მოუწოდებს, რომელიც ამ პროცესს ხელს უშლის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."