გიორგი მარგველაშვილი - წარმოიდგინეთ, შედის მთავარსარდალი თავდაცვის საბჭოში: ბატონო პრეზიდენტო, ომია და რას გვეტყვით? - მან კი არ იცის, რა უნდა მოიკითხოს - ეს ანეკდოტური სიტუაციაა

გიორგი მარგველაშვილი - წარმოიდგინეთ, შედის მთავარსარდალი თავდაცვის საბჭოში: ბატონო პრეზიდენტო, ომია და რას გვეტყვით? - მან კი არ იცის, რა უნდა მოიკითხოს - ეს ანეკდოტური სიტუაციაა

უშიშროების საბჭოს გაუქმება და საქართველოს პრეზიდენტისთვის როგორც მთავარსარდლის უფლებამოსილების შესუსტება არის ნაბიჯი, რომელიც შეიძლება პოლიტიკური მოტივაციით არის განპირობებული, თუმცა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ნამდვილად არ არის სწორი ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან დებატებისას ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას უშიშროების საბჭოს როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს საქართველოს აქვს, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა შესუსტდება თუ გვეყოლება სუსტი მთავარსარდალი.

”თავდაცვის შესუსტების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი არის უშიშროების საბჭოს გაქრობა. კონსტიტუციიდან ამოღებულია ის მთავარი ორგანო, რომელიც პრეზიდენტს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს აძლევს რჩევებს როგორც მშვიდობიანობის, ასევე ომის პირობებში. ეს ორგანო შეცვლილია თავდაცვის საბჭოთი, რომელიც ფუნქციონირებს მარტო ომის დროს. ახლა წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელსაც ასეთი გამოწვევები აქვს როგორც საქართველოს. თანამედროვე ვითარებაში ომი ძირითადად ხორციელდება ჰიბრიდული ომის მეშვეობით. ძირითადად კონვენციური ომი ფაქტობრივად აღარ იწარმოება.

ამ ვითარებაში უმაღლესი მთავარსარდალი დატოვებულია იმ მთავარი სათათბირო ორგანოს გარეშე, რომლითაც უნდა აწარმოოს დაპირისპირება მოწინააღმდეგესთან”, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა მთავარსარდლის ფუნქცია-მოვალეობებსა და ომის დროს მისი მზაობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

”წარმოიდგინეთ უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც ასე ვთქვათ უსაფრთხოების თაობაზე როგორც თითოეული მოქალაქე, იღებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან. ასეთი მთავარსარდლის შემთხვევაში იწყება ომი. შედის მთავარსარდალი ამ თქვენ მიერ ნახსენებ თავდაცვის საბჭოში და არც იცის რა უნდა მოიკითხოს, რადგან სამხედრო სპეციფიკასთან არასდროს ჰქონია შეხება - რას გულისხმობს ჯარების მობილიზაცია, რა რესურსი გააჩნია სახელმწიფოს ჯარების მობილიზების და რეზერვის თვალსაზრისით. გამარჯობა, ბატონო პრეზიდენტო, ომია. რას გვეტყვით? აი ჩვენები, აი მტერი და რას იტყვით? - ეს ანეკდოტური სიტუაციაა. პრეზიდენტი იმ მომენტში იწყებს ომზე ფიქრს. წარმომიდგენია ასეთი პრეზიდენტის თავში რა უნდა ტრიალებდეს. საიდან შეხედოს რუკას ესეც პრობლემა იქნება.

ამ ვითარების შექმნა საქართველოში, ჩემი აზრით, ძალიან არასწორი ნაბიჯია. ნაბიჯი, რომელიც შეიძლება პოლიტიკური მოტივაციით არის განპირობებული, მაგრამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ნამდვილად არ არის სწორი ნაბიჯი”, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, არ შეიძლება საქართველოს ჯარის დატოვება მთავარსარდლის გარეშე.

”როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატო-ში ინტეგრაციაზე, როდესაც ვსაუბრობთ იმ დიდ გმირობაზე, რომელსაც სჩადიან ჩვენი ჯარისკაცები ყოველ დღე როგორც საქართველოს თაცვისთვის, ასევე საერთაშორისო მისიებში, არ შეიძლება ამ ჯარის დატოვება მთავარსარდლის გარეშე. სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობების კლასიკური გაგებით, ჯარის ნებისმიერი გადაადგილება რამდენჯერმე გადამოწმებული უნდა იყოს. ამ ვერსიაში პრემიერ-მინისტრს აქვს მშვიდობიანობის პერიოდში ჯარების გადაადგილების უფლება ისე, რომ არ უნდა გადამოწმდეს ეს განკარგულება საკანონმდებლო ორგანოს მიერ. ეს, თავის მხრივ, არის თავდაცვისუნარიანობის კუთხით არასწორი მიდგომა”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."