"არ ვფიქრობ, რომ ის ცუდი პრეზიდენტი იქნება" - გია ხუხაშვილი დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ გეგმებზე

"არ ვფიქრობ, რომ ის ცუდი პრეზიდენტი იქნება" - გია ხუხაშვილი დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ გეგმებზე

დავით უსუფაშვილი ცდილობს გარკვეული კაპიტალი დააგროვოს, რათა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პლატფორმა შეიქმნას, - ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ინიციატივას, შექმნას ახალი, ცენტრისტული პარტია ახლებური მიდგომებით.

როგორც გია ხუხაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, პირადად მას მიაჩნია, რომ უსუფაშვილი ცუდი პრეზიდენტი არ იქნება. ამასთან, გია ხუხაშვილმა ზოგადად დავით უსუფაშვილის პოლიტიკური გააქტიურებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მისი ავტორიტეტისა, უსუფაშვილს დასჭირდება გვერდით ქარიზმატული პოლიტიკური ფიგურა.

”დავით უსუფაშვილის ინიციატივას რაც შეეხება, ამაში არის ლოგიკა, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ როგორ ვითარდება პოლიტიკური პროცესი ე.წ. ორპოლუსიანობის საფუძველზე. არის ორი რადიკალური ფრთა და შესაბამისად, არის ძალიან დიდი მოთხოვნილება მესამე არჩევანზე, ანუ ცენტრისტულ არჩევანზე. უსუფაშვილის ეს ინიციატივა ამ მოთხოვნაზე რეაგირებს. ეს არის თეორიულად და ლოგიკურად სწორი გზა. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ის უდავოოდ ავტორიტეტია ქართულ პოლიტიკაში, მაინც მიმაჩნია, რომ როგორც პოლიტიკური ლიდერი და მაკონსოლიდირებელი ფიგურა, უსუფაშვილი, ჩემი აზრით, სუსტია. სუსტია, იმიტომ რომ მას არ აქვს ლიდერის ქარიზმა, რომელსაც შეუძლია თავის ირგვლივ კონსოლიდირება რაღაც პოლიტიკური პროცესის. ეს არის მისი სისტემური ხარვეზი და მას აუცილებლად სჭირდება ქარიზმატული პარტნიორი სწორი პოლიტიკური ტანდემის ფორმირებისთვის.

ვფიქრობ, უსუფაშვილი ცდილობს გარკვეული კაპიტალი დააგროვოს და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პლატფორმა შეიქმნას. სხვათაშორის, არ ვფიქრობ რომ ის ცუდი პრეზიდენტი იქნება,” - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, შეიქმნას ახალი ცენტრისტული პარტია ახლებური მიდგომებით.

უსუფაშვილის თქმით, პარტიის ფორმირება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფონზე მოხდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."