თავდაცვის სამინისტრო - სოფიო კილაძის და თამარ ხულორდავას მეუღლეები კვალიფიკაციის შესაბამისად შეირჩნენ და დაინიშნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლებად

თავდაცვის სამინისტრო - სოფიო კილაძის და თამარ ხულორდავას მეუღლეები კვალიფიკაციის შესაბამისად შეირჩნენ და დაინიშნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლებად

რა შუაშია ნეპოტიზმი - ეს ადამიანები კვალიფიკაციის შესაბამისად შეირჩნენ და დაინიშნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლებად, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რითაც გამოეხმაურნენ "ევროპული საქართველოს" წევრის ირმა ნადირაშვილის კრიტიკას, რომ დეპუტატ სოფიო კილაძის მეუღლე ავთანდილ ხარაძე და დეპუტატ თამარ ხულორდავას მეუღლე ლევან ვახტანგაძე თავდაცვის სამინისტროში ნეპოტიზმის ნიშნით დაინიშნენ.

როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის გარკვეული დამატებითი ფუნქციების მინიჭების შემდეგ კადრების დამატების საჭიროება გახდა.

"გიდასტურებთ, რომ აღნიშნული პირები საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით ამ დროისათვის დანიშნულები არიან გენერალურ ინსპექციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორების დროებით მოვალეობის შემსრულებლებად. აქ ნეპოტიზმი არაფერ შუაშია, მათ გაიარეს კონკურსი და საუკეთესო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უკვე საკონკურსო-საატესტაციო კომისია მიიღებს.

ამაზე არაერთხელ უსაუბრია მინისტრს, რომ რეორგანიზაციის შედეგად, სისტემა მეტად მოქნილი გახდა. გენერალური ინსპექციისთვის გარკვეული დამატებითი ფუნქციების მინიჭების შემდეგ კადრების დამატების საჭიროება გახდა, შესაბამისად, მოხდა ამ ადამიანების დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა. კანონის სრული დაცვით ჩატარდა კონკურსი, ამ ადამიანებმა გაიარეს კონკურსი. შემდეგ უკვე საატესტაციო- საკონკურსო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მათ დანიშვნასთან დაკავშირებით", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

"ევროპული საქართველოს" წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ბრძანებით, გენერალურ ინსპექციაში სოფიო კილაძის მეუღლე ავთანდილ ხარაძე და თამარ ხულორდავას მეუღლე ლევან ვახტანგაძე დაინიშნენ.

ირმა ნადირაშვილი ნეპოტიზმზე საუბრობს და თავდაცვის მინისტრთან კითხვები აქვს, რა ნიშნით განხორციელდა დეპუტატების მეუღლეების საჯარო სამსახურში დანიშვნა.

"ჩვენ გვაქვს კითხვები მინისტრთან, რა ნიშნით მოხდა ამ ადამიანების აყვანა თავდაცვის სამინისტროში, რა ნიშნით განახორციელა მინისტრმა ეს დანიშვნები. ჩვენ გვაქვს კითხვები კოლეგებთანაც, რა როლი შეასრულეს მათ მეუღლეების საჯარო სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი საჯარო სამსახურში მას შემდეგ დაინიშნა, რაც მათი მეუღლეები "ქართული ოცნების" ახალი სახეები გახდნენ. რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ეს დანიშვნები განხორციელდა თებერვლის თვეში მაშინ, როცა მასშტაბური შემცირებები იყო თავდაცვის სამინისტროში და ბევრი კვალიფიციური ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."