თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატები და მათი შანსები არჩევნებზე

თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატები და მათი შანსები არჩევნებზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვე რჩება. ყველაზე დიდ ინტერესს თბილისის მომავალი მერის ვინაობა იწვევს. პოლიტიკურ პარტიებში კანდიდატების შერჩევა უკვე დაწყებულია.

მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, "ქართული ოცნების" სავარაუდო კანდიდატები შეიძლება იყვნენ მინისტრები - კახი კალაძე და დიმიტრი ქუმსიშვილი, კულუალურად სახელდება ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის კანდიდატურაც. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, არსებული ინფორმაციით, "ნაციონალურ მოძრაობაში" თბილისის მერობის კანდიდატებად განიხილავენ ნიკა მელიასა და გრიგოლ ვაშაძეს, "ევროპული საქართველოს" კანდიდატად კი - ელენე ხოშტარიას. საკუთარი კანდიდატი ეყოლება დავით უსუფაშვილის ახალ პარტიასაც, იქნება თუ არა ის თავად უსუფაშვილი, ჯერჯერობით უცნობია. დამოუკიდებელ კანდიდატად შესაძლოა ვიხილოთ საკრებულოს დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი.

დედაქალაქის მერობის შესაძლო კანდიდატებსა და მათ შანსებთან დაკავშირებით AMBEBI.GE პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

- "ქართულმა ოცნებამ" ვინც არ უნდა წარადგინოს კანდიდატად, იქნება ეს ხაზარაძე, ქუმსიშვილი, კალაძე თუ ვინმე სხვა, ყველა აიღებს ერთი და იგივე რაოდენობის ხმებს და რატომ? იმიტომ, რომ მათ არ აქვთ საკუთარი პოლიტიკური ავტორიტეტი - გამომდინარე აქედან, ადმინისტრაციული და სხვა ტიპის რესურსების ექსპლუატაციის ხარჯზე უნდა გახდნენ სავარუდოდ მერები. პარტია "ქართული ოცნების" ყველა კანდიდატს აქვს ზუსტად ერთი და იგივე შანსი. ვინც არ უნდა იყოს ამ პარტიის მერობის კანდიდატი, აიღებს ზუსტად იმდენ ხმას, რამდენსაც "იჩალიჩებს" თვითონ პარტია "ქართული ოცნება".

- რამდენად გაამართლა თბილისის ჯერ ისევ მოქმედმა მერმა, დავით ნარმანიამ?

- დავით ნარმანია შემიძლია დავახასიათო წინააღმდეგობრივად. ერთი მხრივ, ის, უდავოდ, წესიერი ადამიანია, მაგრამ რაც შეეხება მის მენეჯერულ თვისებებსა და პოლიტიკურ ავტორიტეტს, აქ მან ცალსახად არ გაამართლა. ფორმალურად მერის სტატუსი აქვს, მაგრამ რეალურად ამ ფუნქციას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანები ასრულებდნენ, რომლებიც საქმეს ჩრდილში მდგომები აკეთებდნენ. იქნება თუ არა ნარმანია სამომავლოდ "ქართული ოცნების" კანდიდატი, პროგნოზირება გამიჭირდება, ვინაიდან, დიდი მნიშვნელობა არ აქვს "ქართული ოცნების" მერობის კონკრეტულ კანდიდატს. პარტიაში საერთოდ არავის აქვს ის პოლიტიკური კაპიტალი, რომლითაც რაღაცას შემატებდა "ქართულ ოცნებას".

ნარმანიას მოღვაწეობა იყო ერთი დიდი სიზმარი. აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო თავისი ბუნებრივი მდგომარეობიდან და ეს წლები გაატარა სიზმარში. როცა დამთავრდება ეს ყველაფერი, ჩავთვალოთ, რომ მან გაიღვიძა და დაუბრუნდება თავის სამეცნიერო სამუშაოებს და ეს იქნება მისთვის გამოსავალი, რადგან მუდმივად ამ მდგომარეობაში ყოფნა ადამიანისთვის ძალიან დამთრგუნველია.

- "ქართული ოცნების" საბოლოო კანდიდატის შერჩევა, თქვენი აზრით, პარტიული გადაწყვეტილება იქნება?

- არ ვიცი ვისი კანდიდატები განიხილება, მაგრამ ის, რომ საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილთან შეათანხმებენ მინიმუმ, ამაში დარწმუნებული ვარ.

- რაც შეეხება, ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს, რეალურად მათ რამდენად აქვთ შანსი?

- არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველაზე პერსპექტიული იქნებოდა არაპარტიული პროექტი, დამოუკიდებელი კანდიდატი.

- მაგალითად, ალეკო ელისაშვილი?

- ჩემთვის ელისაშვილი მთლად კარგი კანდიდატი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქზე დიდი ამაგი აქვს, მის მენეჯერულ თვისებებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მაქვს. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების კანდიდატებს, აქ "ქართული ოცნება" გარკვეულ უპირატესობას ინარჩუნებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სხვა პარტიები არანაკლებ დისკრედიტირებულები არიან თბილისელი ამომრჩევლის თვალში. ამომრჩეველს ცუდსა და უარეს არჩევანს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება და ვინაიდან "ქართულ ოცნებას" დღეს დამატებით კიდევ ადმინისტრაციული რესურსი აქვს, ის ამ ბრძოლას მოიგებს, მაგრამ არაპარტიული შეთავაზება თუ იყო, ამ შემთხვევაში შეიძლება მათ პრობლემა შეექმნათ.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."