პუტინის "ღამის მგლები" საქართველოში არ შემოუშვეს

პუტინის "ღამის მგლები" საქართველოში არ შემოუშვეს

პუტინის "ღამის მგლებს" საქართველოში შემოსვლის გეგმები ჩაეშალათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუს ბაიკერებს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ. როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, ე.წ. ღამის მგლებს საქართველოში შემოსვლა გუშინ, ლარსის გამშვები პუნქტიდან სურდათ.

არსებული ინფორმაციით, საუბარია 50-მდე რუს ბაიკერზე. როგორც ცნობილია, ე.წ. ღამის მგლებს საქართველოში 9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში, პერფორმანსის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუს ბაიკერებს საქართველოში შესვლასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებოდათ, რამდენიმე რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა. რუსულ სააგენტოსთან საუბარში რამდენიმე ბაიკერმა აღნიშნა, რომ 2 მაისს, როცა ზემო ლარსიდან საქართველოში გადასვლას ცდილობდნენ, მესაზღვრეებმა მათ პასპორტებში უარის შტამპი ჩაურტყეს, ისე რომ მათთვის მიზეზი არ აუხსნიათ. მათივე ინფორმაციით, საუბარია 50-მდე ბაიკერზე.

როგორც რუსული სააგენტო იტყობინება, აკრძალვა სავარაუდოდ მაისის ბოლომდე გაგრძელდება (სწორედ მაისის პერიოდში აწყობენ რუსი ბაიკერები ე.წ მოტოგარბენს, რომლის მიზანი "ფაშიზმზე გამარჯვების" ბერლინში აღნიშვნაა).

გუშინ, რუსი ბაიკერების საქართველოში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა:

"რაც შეეხება რუს ბაიკერებს - "ღამის მგლებს", საქართველოში მათ ვიზიტსა და დაანონსებულ 9 მაისის აღსანიშნავ პერფორმანსში მონაწილეობას, გასათვალისწინებელია, რომ შარშან მსგავსმა აქციამ საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა და უკმაყოფილება გამოიწვია, ასევე ადგილი ჰქონდა გარკვეულ ინციდენტებსაც. ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია "ღამის მგლების" მიერ დაანონსებული სტუმრობა და პერფორმანსი, რაც არ შეესაბამება 9 მაისის დღესასწაულის სულისკვეთებას. ამგვარად, საქართველოში აღნიშნულ პერიოდში რუსი ბაიკერების სტუმრობა არასასურველად მიგვაჩნია", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

აღსანიშნავია,  რომ არაერთმა ევროპულმა სახელმწიფომ, მათ შორის პოლონეთმა არაერთხელ უთხრა "ღამის მგლებს" უარი ქვეყანაში შესვლაზე, თუმცა, ისინი ყოველწლიურად მცდელობას მაინც განაგრძობენ.

წაიკითხეთ: ვინ არიან "პუტინის მგლები" და როგორ ექცევიან მათ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."