"საიდუმლო მასალები", რასაც თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირება მოჰყვა - რა კავშირშია საქმესთან სააკაშვილის ბიძაშვილი?

"საიდუმლო მასალები", რასაც თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირება მოჰყვა - რა კავშირშია საქმესთან სააკაშვილის ბიძაშვილი?

გაზეთი "კვირის პალიტრა" წყაროზე დაყრდნობით იმ მასალების შესახებ წერს, რომლის გამოც გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

გამოცემის ინფორმაციით, საქმე ვერეს ხეობაში არსებულ მიწის ნაკვეთს ეხება, რომლის სანაცვლოდ მერიამ კომპენსაციის სახით ვეძისში ორი მიწის ნაკვეთი გასცა.

საუბარია ქართულ-ებრაული კომპანიის სამიდან ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე, რომლის 74% ახალი მაგისტრალის გაყვანისას გზამ დაფარა. აღნიშნულმა კომპანიამ მერიისგან კომპენსაციის მოთხოვნა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო.

"ვერეს ხეობაში ქართულ-ებრაული კომპანია, რომლის ბორდის წევრიც მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი, ნიკა ალასანიაც იყო, საკუთრებაში სამ ნაკვეთს ფლობდა. ერთ-ერთ მათგანზე, რომლის ფართობი დაახ­ლოებით 2300 კვადრატული მეტრია, მაშინ ახალი გზის გაყვანა დაიწყო. გზის ყველა მონაკვეთის გაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქართულ-ებრაული კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის 74% ახალმა გზამ დაფარა, რის სანაცვლოდაც მან მერიისგან კომპენსაცია მოითხოვა...

იხილეთ ვიდეო

მერიისა და ქართულ-ებრაული კომპანიის დავაში ფარცხალაძე 2016 წლის თებერვალში ჩნდება. კერძოდ, 2016 წლის 19 თებერვალს კომპანიამ კიდევ ერთხელ მოსთხოვა კომპენსაცია მერიას, თუმცა, რამდენიმე დღეში, ვერეს ხეობაში არსებული ერთ-ერთი ნაკვეთი ოთარ ფარცხალაძეს მიჰყიდა. 2016 წლის 29 თებერვალს ფარცხალაძემ ვერეს ხეობაში რამდენიმე დღის წინ ნაყიდი ნაკვეთის ნაცვლად, კომპენსაციის სახით ვეძისის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საკმაოდ დიდი ნაკვეთი მიიღო. როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, დღეს ამ ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია უკვე კორპუსებს აშენებს.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამ საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში­ ორი დასკვნა დევს. ერთი დასკვნის მიხედვით, მერიამ 2016 წლის 19 თებერვალს ქართულ-ებრაულ კომპანიას კომპენსაციად ნაკვეთების გადაცემაზე უარი უთხრა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ვერეს ხეობაში კომპანიისგან ნაკვეთი ფარცხალაძემ შეიძინა, ზუსტად 10 დღეში, ანუ, 2016 წლის 29 თებერვალს, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ყოფილ მთავარ პროკურორს კომპენსაციაზე თანხმობა განუცხადა და ვეძისში დიდი ფართობი გადასცა.

მეორე დასკვნის მიხედვით კი, 2016 წლის 19 თებერვალს მერიამ ქართულ-ებ­რაულ კომპანიას კომპენსაციის სახით ორი მიწის ნაკვეთი შესთავაზა, თუმცა კომპანიამ ამაზე უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ ნაკვეთი, რომელზეც გზა გადის, ფარცხალ­აძემ იყიდა და უკვე ახალმა მეპატრონემ (ყოფილმა მთავარმა პროკურორმა) თანხმობა განაცხადა კომპენსაციად მიეღო ორი ნაკვეთი.

სხვათა შორის, თავად აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს იმის გარკვევა, თუ რატომ დაიწერა ამ საქმესთან დაკავშირებით ორი ერთმანეთისგან გასხვავებული დასკვნა, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია, თავად ფარცხალაძის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აუდიტის სამსახურმა მასსა და მერიას შორის შეთანხმების დეტალების შესწავლა დაიწყო და სწორედ ამის გამო მოხდა ეს ინციდენტი", - წერს "კვირის პალიტრა".

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ბიძაშვილს, როგორც ნიკა ალასანია კვირის პალიტრასთან" საუბარში აცხადებს, კომპანიის ბორდის წევრი 2011 წლამდე იყო და დასძინა, რომ დედაქალაქის მერიისგან კომპენსაციას კომპანია ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის პერიოდში ითხოვდა.

"ქართულ-ებრაული კომპანია, რომლის ბორდის წევრის 2011 წლამდე ვიყავი, მართლაც ფლობდა ვერეს ხეობაში მიწის ნაკვეთებს, რომელთა ნაწილიც ახალმა გზამ დაფარა. ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის დროს კომპანია ითხოვდა მერიისგან კომპენსაციას. მაშინ ეს საკითხი ვერ გადაწყდა, თუმცა იყო პირობა, რომ კომპენსაციას კომპანია აუცილებლად მიიღებდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მართალია, კომპანიის საქმიანობას ჩამოვშორდი, მაგრამ ინფორმაცია მომაწოდეს, რომ აღნიშნული ქართულ-ებრაული კომპანიის ჯერ პარტნიორი, შემდეგ კი 100 %-იანი წილის მფლობელი ოთარ ფარცხალაძე გამხდარა. გამიკვირდა, თუმცა რადგან მართვაში არ ვმონაწილეობდი, ბუნებრივია, ვერაფერს შევცვლიდი. ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ ოთარ ფარცხალაძე ამ კომპანიის გამოყენებით სხვა ქონების მესაკუთრე გახდა. თუმცა, როგორც გითხარით, ჩემთვის უცნობია დეტალები, როგორ და რა პირობებით მიიღო კომპენსაცია კომპანიამ", - განაცხადა ნიკა ალასანიამ.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 15 მაისის ნომერში ან გახდით საიტის ხელმომწერი და ნახეთ სტატია ვრცლად

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."