ნარმანიას ყოფილი მოადგილე ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის დეტალებზე საუბრობს

ნარმანიას ყოფილი მოადგილე ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის დეტალებზე საუბრობს

მიწის მონაცვლეობაზე შეთანხმება შეიძლება ნიკა ალასანიასთან ვერ მოხერხდა, მაგრამ მოხერხდა ფარცხალაძის პირობებში, თუმცა ეს კანონიერი ქმედება იყო და აბსოლუტურად ჯდება კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილმა განუცხადა, რომელიც თბილისის მერიის მიერ ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწების გადაცემის დროს მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

როგორც ლილუაშვილმა განმარტა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ იყო კერძო კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, არამედ ის, რომ თბილისის მერიას კომპანიის წინაშე ვალდებულება ჰქონდა.

მისივე თქმით, ის თუ რა სარფიანი გარიგება დადო ნიკა ალასანიასთან ოთარ ფარცხალაძემ, ეს მერიის განსახილველი თემა არ არის, რადგან ეს ორ სუბიექტს შორის კომერციული გარიგებაა.

"ამ პერიოდში მე მერის მოადგილე გახლდით, თუმცა პირადად ჩემს საკურატორო სფეროში არ შედიოდა არც ქონების მართვა და არც არქიტექტურა. შესაბამად, მე ამ თემასთან შეხება მქონდა მხოლოდ იმ დოზით, რომ საკითხები განსახილველად თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოდიოდა. ცოტა შორიდან დავიწყოთ - თავის დროზე, ეს მიწები ნიკა ალასანიას (მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი) ჰქონდა შესყიდული. კარგად დააკვირდით, რა დროს შეისყიდა მან მიწები და რა დროს დაიწყო ვერეს ხეობაში ახალი გზის გაყვანა. ჩემი აზრით, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, რომ იქ გზა გაივლიდა და ალასანია და მისი გარემოცვა საკმაოდ დიდი კომპენსაციის მიღებას შესძლებდა ანუ ეს ხელოვნურად დაწყებული პროცესი იყო. ეს ამბავი გიგი უგულავას მერობის პერიოდში ხდება. მაშინ მერიას კომპენსაცია არ მიუცია - ან ვერ მოასწრეს ან ვერ შეთანხმდნენ ან შეიძლება იმ დროს თბილისის მერიაში სხვასაც რაღაც მადა გაუჩნდა... ჩვენი მმართველობის პერიოდში, როცა უკვე ამ კომპანიამ მოგვმართა, მისი მფლობელი უკვე ოთარ ფარცხალაძე იყო. ის რომ ვამტკიცოთ, რომ ნიკა ალასანიასთან ვერ მოხდა მონაცვლეობა და რატომ მოხდა ამასთან, მონაცვლეობას აქვს მეორე მხარე - თუ რას ითხოვენ მონაცვლეობისათვის. შეიძლება ეს ნიკა ალასანიასთან ვერ მოხერხდა, მაგრამ მოხერხდა ფარცხალაძის პირობებში, თუმცა ეს კანონიერი ქმედება იყო, აბსოლუტურად კანონის ფარგლებში ჯდება და ვერავინ იტყვის, რომ ადგილი ჰქონდა უკანონობას, ვინაიდან სახელმწიფო პროექტმა კერძო ნაკვეთზე გაიარა და შესაბამისად, მერიის მხრიდან ან ფულადი კომპენსაცია უნდა გაცემულიყო ან მომხდარიყო მიწის მონაცვლეობა. პროცესი იყო გაჭვირვალე - თბილისის მერიას ჰქონდა ვალდებულებები კერძო მესაკუთრესთან და მოხდა ვალდებულების გასტუმრება მიწის მონაცვლეობის გზით. არ ვიცი, რა დასკვნა აქვს აუდიტის სამსახურს. საინტერესოა, ოპერაციის კანონიერებზე თუ არის მსჯელობა, თორემ მიწა ფარცხალაძის, პეტრიაშვილის თუ პავლიაშვილის კერძო მფობელობაში იყო, ეს არის მეორე ხარისხოვანი", - განუცხადა ლილუაშვილმა "ინტერპრესნიუსს".

დეპუტატის ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ თავის დროზე, როცა კომპანიამ მერიისაგან კომპენსაცია მოითხოვა, თბილისის მერი გიგი უგულავა იყო, მაგრამ მაშინ კომპანიის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

"როცა ვერეს ხეობაზე გზამ გაირა და ნიკა ალასანია კომპენსაციას ითხოვდა, თბილისის მერი გიგი უგულავა გახლდათ. ის თუ რატომ არ დაუკმაყოფილა მოთხოვნა, ეს გიგი უგულავას მოკითხეთ. პირადად ჩემი ვარაუდით, უგულავას და სააკაშვილის გუნდს შორის განხეთქელება უკვე არსებობდა. იქ იყო კლანებს შორის გადანაწილების თემა, ამიტომ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. როცა მერიაში ჩვენი მმართველობა მივიდა, კომპანიამ განაცხადი შემოიტანა. არსებობდა ვალდებულება, რომ რაღაცით კომპენსირება მომხდარიყო - იქნეობდა ეს ფულადი, მიწის თუ უძრავი ქონების მეშვეობით. გადაწყდა, რომ ბიუჯეტიდან კიდევ დამატებითი თანხები არ უნდა გაცემულიყო და გამოიყო მიწის ნაკვეთი. ამაში არაკანონიერი არაფერია. ამის უკან ფარცხალაძის ნაცვლად ნებისმიერი სხვა მოქალაქე რომ ყოფილიყო, იგივე პროცედურა განხორციელდებოდა", - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."