თურქეთის პრემიერი საქართველოში: "25 წელში მივაღწიეთ თანამშრომლობის ისეთ დონეს, სხვა ქვეყნებს ასობით წელი რომ დასჭირვებოდათ, ვერ მიაღწევდნენ"

თურქეთის პრემიერი საქართველოში: "25 წელში მივაღწიეთ თანამშრომლობის ისეთ დონეს, სხვა ქვეყნებს ასობით წელი რომ დასჭირვებოდათ, ვერ მიაღწევდნენ"

"25 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ თანამშრომლობის ისეთ დონეს, რომელსაც სხვა ქვეყნებს ასობით წელიც რომ დასჭირვებოდათ, ვერ მიაღწევდნენ" - ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ორმა ქვეყანამ ასეთ მოკლე პერიოდში მიაღწია მეგობრულ, ძმურ ურთიერთობას სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებით.

როგორც ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომა თურქეთში, ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ პირველად ჩატარდა.

"სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან ფაქტობრივად 3 დღის შემდეგ ქალაქ ანკარაში ჩატარებული აღნიშნული შეხვედრა ძალზედ ნაყოფიერი იყო. ჩვენ წარმატებით მოვახდინეთ გადატრიალების მცდელობის ლიკვიდაცია. ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერი ამ მოვლენების შემდეგ დაუყოვნებლივ ჩამოვიდა თურქეთში, რათა დაედასტურებინა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები იმით, რომ შეცვალა თავისი გეგმები და ეს ვიზიტი განახორციელა, უმნიშვნელოვანესი იყო. ეს იყო ისეთი მომენტი, რომელსაც ჩვენ არ დავივიწყებთ.

მეორე შეხვედრა, რომელიც საქართველოში გაიმართა, ემთხვევა ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე იუბილეს. ასევე, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და წინასწარ მინდა მივულოცო ეს დღე ბატონ პრემიერს. 25 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ თანამშრომლობის ისეთ დონეს, რომელსაც სხვა ქვეყნებს ასობით წელიც რომ დასჭირვებოდათ, ვერ მიაღწევდნენ. ამჟამად, პოლიტიკური პრობლემები საქართველოსა და თურქეთს შორის არ დგას. პირიქით, მრავალი მიმართულებით ჩვენ ყოვლისმომცველ თანამშრომლობას მივაღწიეთ",- განაცხადა ბინალი ილდირიმმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."