საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს - თავი შეიკავეთ კონგოში მოგზაურობისგან, იქ მყოფებმა კი დაუყოვნებლივ დატოვეთ ქვეყანა

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს - თავი შეიკავეთ კონგოში მოგზაურობისგან, იქ მყოფებმა კი დაუყოვნებლივ დატოვეთ ქვეყანა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს კონგოში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს, იქ მყოფებს კი მიმართავს, დაუყოვნებლივ დატოვონ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ზვიად გონაძემ განაცხადა, რომელიც დღეს კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის იოსებ ოსურაულის ძმას გიორგი ოსურაულს შეხვდა და მათ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ზვიად გონაძემ გიორგი ოსურაულს მიაწოდა ბოლო ინფორმაცია კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის შესახებ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ოჯახი საქმის ყველა იმ ნაბიჯის შესახებ არის ინფორმირებული, რომელსაც საქართველოს მთავრობა დგამს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ადგილზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარ შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა და შესაძლოა, იოსებ ოსურაულიც მათ რიცხვში იყოს, თუმცა არც ერთი მხარისგან - კონგო, გაერო, წითელი ჯვარი - თბილისს ამ ინფორმაციის დადასტურება არ მიუღია.

"მინდა მოწოდება გავაკეთო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოგზაურობისგან. ხოლო ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დატოვონ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა", - განაცხადა გონაძემ.

კონგოს დატოვებისკენ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს დატყვევებული ქართველი მფრინავის ძმამ გიორგი ოსურაულმაც.

შეგახსენებთ, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ შვეულმფრენს მართავდა საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული, რომელიც მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი დაიჭრა. მან მკურნალობის კურსი ქალაქ გომაში გაიარა.

სოსო ოსურაული წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იგი შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."