ლაშა თორდია - პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს - მას ეს დანაშაული, არ შერჩება

ლაშა თორდია - პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს - მას ეს დანაშაული, არ შერჩება

დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მიშა ჩოხელსაც ვიხილავთ თავგახეთქილს, რადგან შემდგომ თქვან, რომ მას თავი გავუტეხე, - ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების შეფასებისას განაცხადა, რომელიც 2016 წელს ერთ-ერთ ბარში მომხდარ ინციდენტს ასახავს.

თორდიას თქმით, მთელი სახელმწიფო სისტემაა ჩართული, რათა ოთარ ფარცხალაძე გამოიყვანონ იმ ვითარებიდან, რომელშიც ახლა არის.

"პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს, რომ მას ეს დანაშაული, რომელიც ჩაიდინა და ვიდეო ჩანაწერებით მანიპულირება დაიწყო, არ შერჩება. აუცილებლად იქნება გამოძიებული როდის დაიბარეს ეს ადამიანები, ამ კლუბის თანამშრომლები, რა ზეწოლა განხორციელდა მათზე და ყველა აგებს პასუხს დანაშაულისთვის", - განაცხადა ლაშა თორდიამ.

მისივე განცხადებით, აღნიშნული ვიდეოს ახლა გავრცელება ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მისი დაპირისპირების საქმეს უკავშირდება. თორდიას თქმით, აღნიშნული ვიდეო უშუალოდ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა და მისი მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად ერთ-ერთ მოქალაქეს გაავრცელებინეს.

გენერალური აუდიტორის თქმით, ინციდენტი დიდი ხნის წინ მოხდა და აქამადე მასზე არავის უსაუბრია.

"ამდენი ხანია ეს ფაქტი მომხდარია და ამაზე არავის უსაუბრია, ახლა კი მაინცდამაინც, როცა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა "ელ ცენტროში" ჩემზე თავდასხმა, გავრცელდა ეს კადრები", - განაცხადა თორდიამ.

როგორც ლაშა თორდიამ განაცხადა, მის მიმართ ოთარ ფარცხალაძის მუქარა, რომელზეც ერთი კვირის წინ საუბრობდა, სწორედ აღნიშნულ ვიდეოს ეხებოდა.

თორდია ბოდიშს უხდის იმ ადამიანს, ვისაც "ზეწოლით ეს ვიდეო გამოაქვეყნებინეს" და დარწმუნებულია, რომ შესაბამისი გამოძიების ჩატარების შემდეგ, "ყველა პასუხს აგებს, ვინც ამ ზეწოლებში იყო ჩართული".

"ამ ვიდეოსთან და ზოგადად სხვა საკითხებთან დაკავშირებით პირველივე დღეებში გაისმა მუქარა ოთარ ფარცხალაძის მხრიდან და ეს მუქარა აღასრულა ირაკლი შოთაძემ, რომლის ტელეფონშიც ინახებოდა ეს ვიდეოჩანაწერი და გავრცელდა იმ საკითხის გადასაფარად, რომელზეც ამ დღეების განმავლობაში ვმსჯელობთ. კერძოდ, საუბარია ფარცხალაძის კორუფციულ გარიგებაზე მერიასთან და მისი და რამდენიმე ადამიანის მიერ ჩემზე თავდასხმაზე. პროკურატურა პირდაპირ ჩართულია ამ ვიდეოკადრების გავრცელებაში. მე თავიდანვე ვთქვი, რომ მუქარა უკავშირდებოდა ამ ინციდენტს, რადგან ვიცოდი, რომ ეს კადრები ჰქონდათ. ახლა გაავრცელეს და ყველამ ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მოწმეს, რომელიც ამ ბარში და ასევე "ელ ცენტროში" იმყოფებოდა", - განაცხადა ლაშა თორდიამ.

მისივე თქმით, ინციდენტისას, რომელსაც ასახავს კადრები, არავინ დაშავებულა.

"არანაირი სროლა და მსგავსი რამ არ ყოფილა. თმის ერთი ღერიც არ ჩამოვარდნია არც ერთ ადამიანს და ამაზე ვილაპარაკებ, როცა დამკითხავს ალბათ პროკურატურა", - აღნიშნა თორდიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."