ხუხაშვილი საკადრო ცვლილებებზე: "ეს რომ არ გადაიზარდოს უარესში, შეუძლია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს..."

ხუხაშვილი საკადრო ცვლილებებზე: "ეს რომ არ გადაიზარდოს უარესში, შეუძლია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს..."

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა და მისი სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი განიხილება. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება დღეს გაკეთდება. წინა კვირას, თანამდებობა დატოვა ამავე სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მაოდგილემ მიხეილ ჩოხელმა. ჩოხელის გადაწყვეტილების მიზეზი კაფე "ელ ცენტროში" ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის მომხდარი ინციდენტია. მიხეილ ჩოხელი ინციდენტისას ოთარ ფარცხალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ექსპერტი გია ხუხაშვილი "დომინირებისთვის ბრძოლას" უწოდებს, თუმცა მისი თქმით, ძნელი სათქმელია, უკავშირდება თუ არა ზემოაღნიშნული საკადრო ცვლილებები "ფარცხალაძის კადრებისგან გათავისუფლებას".

ექსპერტის აზრით, ბიძინა ივანიშვილის აქტიური ჩარევის გარეშე სისტემური კრიზისის გადალახვა შეუძლებელი იქნება.

"ჯერ საბოლოოდ ძნელია ამის თქმა, საით მიდის ფარცხალაძე-თორდიას ინციდენტი, რომელიც, ჩემი აზრით, სისტემური პრობლემის გამოხატულებაა. ფაქტია, რომ ინტერეს ჯგუფებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის დაწყებულია დომინირებისთვის ბრძოლა და შეიძლება ეს ამის ნაწილია. შეიძლება, ვიღაცას უნდა, რომ მცირე სისხლით გადაწყვიტოს ეს პრობლემა. ძნელი სათქმელია, ალბათ, სჯობს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბურია და ბადაშვილი-ჩოხელის გათავისუფლების მსგავსი ნაბიჯებით არ მოევლება. ფაქტია, რომ დაწყებულია სახელმწიფო მმართველობითი სისტემის კოროზია. მთლიანად სისტემა არის ღრმა კრიზისში და ახლა სისტემურ პრობლემას სჭირდება სისტემური ცვლილებები", - განაცხადა ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ამ სისტემური პრობლების გადაჭრის უნარი არ შესწევს.

"ამ ჰიბრიდული ომის გადაწყვეტილების გასაღები, ჩემი აზრით, ხელისუფლებას არ აქვს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აქვს ავტორიტეტი ამ ორივე დაპირისპირებულ მხარეს შორის, არის ბიძინა ივანიშვილი და მე ვფიქრობ, მისი აქტიური ჩარევის გარეშე ამ პრობლემის დალაგება და სისტემური კრიზისის გადალახვა შეუძლებელი იქნება. მითუმეტეს, რომ ეს არ არის ერთადერთი კრიზისის ცენტრი - ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი რამე მოხდა, ბევრი ჭრილობა გაიხსნა სხვადასხვა მიმართულებით და კრიზის-მენეჯმენტი ფაქტობრივად არ ხდება. ეს ყველაფერი რომ არ გადაიზარდოს კიდევ უარესში, შეუძლია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ გიორგი კვირიკაშვილს ამის დალაგების არანაირი რესურსი არა აქვს და ეს ჩანს კიდევაც მის განცხადებებსა და ქმედებებში", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.