კახა კალაძე რეპერების დაკავებაზე: "შსს-ს ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, თუ ვინმეს აქვს გადაცდომა, ადეკვატურად დაისაჯოს"

კახა კალაძე რეპერების დაკავებაზე: "შსს-ს ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, თუ ვინმეს აქვს გადაცდომა, ადეკვატურად დაისაჯოს"

ვიცე- პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად შესაცვლელია.

კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლითაც birja mafia-ს ორი წევრის დაკავებას და რეპერების მხარდასაჭერად თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება (იხილეთ ვიდეო).

"მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად არის შესაცვლელი და მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს აღნიშნული რეფორმის დაჩქარება სთხოვა. რაც შეეხება, კონკრეტულად მომხდარ ფაქტს, თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია, როდესაც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან თუნდაც ეჭვის დონეზე ვუშვებთ ნარკოტიკის "ჩადების" შესაძლებობას. ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს და დარწმუნებული ვარ, წარსულში დარჩება, როცა მოხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და პოლიციის რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რომელიც დაწყებულია", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოება სამართალდამცველებისგან პირველ რიგში ელოდება დახმარებას და სიმართლის დაცვას.

"ამიტომ არც ერთი კონკრეტული შემთხვევა არ რჩება ჩვენი ხელისუფლების, უწყების ხელმძღვანელობის ყურადღების მიღმა. სრულიად დაუშვებელია, რომ რომელიმე მათგანის რაიმე სახის გადაცდომამ ჩირქი მოსცხოს ჩვენს პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე. ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობს შიდა მოკვლევა. სტრუქტურის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რომ თუკი ვინმე არის დამნაშავე, ან ვინმეს აქვს გადაცდომა ჩადენილი ამ კონკრეტულ ეპიზოდში, ყველა ადეკვატურად დაისაჯოს", - განაცხადა კალაძემ.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ birja mafia-ს ორი წევრი დააკავეს. მათ გუშინ საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღეს თბილისსა და ბათუმში დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

წაიკითხეთ: პრემიერი რეპერების დაკავებას ეხმაურება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."