რას ფიქრობს "ქართული ოცნება" საქართველოში მონარქიის აღდგენაზე?

რას ფიქრობს "ქართული ოცნება" საქართველოში მონარქიის აღდგენაზე?

"საქართველოში მონარქიის აღდგენის საკითხის მიმართ ნამდვილად პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს" - ამის შესახებ უმრავლესობის ვიცე-სპიკერმა გია ვოლკსიმ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის იმ მოსაზრების კომენტირებისას განუცხადა, რომელიც კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას უკავშირდება.

ვოლსკის თქმით, ის, რაც მონარქიის კარს ახასიათებს, თუნდაც დამოკიდებულება აფხაზებთან, ოსებთან, სხვა ერებთან, საქართველოსთვის პოზიტივის მომტანი იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, ახლო პერსექტივაში ამის წინაპირობები არ ჩანს.

"მონარქია არა მხოლოდ ჩვენი ისტორიული წარსულია, არამედ არის ძალიან წარმატებული მაგალითი, რომელიც დასავლეთ ევროპაში არსებობს. ამ ქვეყნებს საკმაოდ წარმატებული განვითარება ახასიათებს როგორც ეკონომიურად, ასევე პოლიტიკურად. ამ თემასთან დაკავშირებით პირადად მე ნამდვილად პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს და არა მხოლოდ ემოციური შინაარსიდან გამომდინარე - ჩემთვის ამ საკითხს მხოლოდ ემოციური საწყისი არა აქვს. ეს არის დაკავშირებული სავსებით პრაგმატულ ხედვასთან. საკონსტიტუციო მონაქიის ახლა ამოქმედება რეალურად არ მეჩვენება, რადგან თვითონ მეფის გვარი, მეფის ოჯახი, სამეფო სახლი ჯერ ისე არ არის ჩამოყალიბებული და მომზადებული, რომ რეალური კანდიდატურა წარმოადგინოს. ალბათ დიდი დრო დაჭირდება, მაგრამ ახლავე თუ პოზიტიური განწყობა დაითესება, ურიგო არ იქნება. გადავხედოთ დიდი ბრიტანეთის, დანიის, შვედეთის, ბელგიის ნორვეგიის და სხვა ქვეყნების მაგალითს, როდესაც ერის და სხვადასხვა ეროვნებების გამაერთიანებელი არის სამეფო ოჯახი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თვლის, რომ საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით პატრიარქის დამოკიდებულება პატივისცემას იმსახურებს და არაფერია გამორიცხული.

დეპუტატის შეფასებით, საქართველოში მონარქიის აღგდენა სადღეისოდ ნაადრევია, მაგრამ ათი-ოცი წლის შემდეგ, საკითხი შეიძლება დღის წესრიგში დადგეს და საკონსტიტუციო მონარქიაზე გადასვლა მისაღები იყოს.

"პატრიარქის პოზიცია ყოველთვის უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. დღეს შეიძლება კონსტიტუციური მონარქიისთვის, ქვეყნის ასეთი მოწყობისთვის მზად არ ვიყოთ, მაგრამ სამომავლო, შედარებით შორეულ პერსპექტივაში ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა შესაძლოა ეს საკითხი ძალიან სერიოზულად განიხილოს, მით უმეტეს, როდესაც ამას პატრიარქი საკუთარ ქადაგებაში მეორედ ახსენებს. საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენამ შესაძლებელია გარკვეული განსაკუთრებულობა, ინდივიდუალიზმი და ხიბლი შესძინოს ქვეყანას ბევრი თვალსაზრისით", - აღნიშნა მდინარაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ "იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია... ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი"  (წაიკითხეთ ვრცლად ქადაგება)